ახალი ამბები

ივანიშვილთან დაკავშირებული საკითხის განხილვამდე საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული

10 ოქტომბერი, 2017 • 2923
ივანიშვილთან დაკავშირებული საკითხის განხილვამდე საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ორი საკითხი უნდა განიხილონ, პოლიციის კორდონი დგას.

საკრებულოს სხდომა 16:00 საათზე უნდა დაიწყოს. სხდომის პარალელურად აქციის გამართვა იგეგმება 14:00 საათზე. ევროპული საქართველოს პარლამენტის წევრები აპირებდნენ, რომ დასწრებოდნენ სხდომას სათათბირო უფლებით, თუმცა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, საკრებულოს წევრებისა და მედიის წარმომადგენლების გარდა, სხდომას არავინ დაესწრება, რადგან ოპოზიციას საკრებულოს სხდომის ჩაშლა სურს.

პოლიციის კორდონი თბილისის საკრებულოსთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკითხის განხილვის წინ. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე

“დღეს ქართულმა ოცნებამ კიდე ერთხელ გადახაზა კანონი პირდაპირი მნიშვნელობით, რომელიც ჩვენ გვაძლევს სრულ უფლებას, შევიდეთ საკრებულოს შენობაში და დავესწროთ სხდომას, უბრალოდ გადახაზა. სამწუხაროა, რომ აიძულა კანონდარღვევა პოლიციელებს რომლებიც უნდა იდგნენ კანონის და არა ქართული ოცნების სადარაჯოზე. შესაბამისად, მთავარი პასუხი და პროტესტი ამ ყველაფერზე იქნება 21 ოქტომბერს, რომ აღარასდროს მოხდეს, კანონზე მაღლა ვინმემ გაბედოს დადგომა. მაგრამ დღეს, 4 საათზე, როდესაც იწყება საკრებულოს სამარცხვინო სხდომა, ჩვენ ვაანონსებთ საპროტესტო აქციას და მოვუწოდებთ ყველა თბილისელს, რომ უარი ვთქვათ კანონის ასე გათელვაზე”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საკრებულომ დღის წესრიგის მიხედვით, უნდა განიხილოს 40 საკითხი, აქედან ორი ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. საქმე ეხება თავისუფლების მოედანზე მიწისქვეშა პარკინგისთვის 1900 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთს გადაცემას კერძო კომპანიისთვის 1ლარად.

მეორე საკითხი ეხება თაბორის მთაზე ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის სასარგებლოდ 4433 2-ის ფართობის მიწის ნაკვეთის გადაცემას.

აღნიშნული საკითხები თბილისის მერიამ უკვე დაამტკიცა და ახლა ჯერი საკრებულოზეა. ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. საკრებულოს წინა სხდომაზე, სადაც ამ ნაკვეთებს ფუნქციური ზონა შეუცვალეს, ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ელენე ხოშტარიამ სცადა, რომ საკრებულოს სხდომა ჩაეშალა, რის გამოც მას, ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატს ზაალ უდუმაშვილს და მათ მხარდამჭერებს საკრებულოს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი