ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნატალი გასიევა: სამხრეთ ოსეთში ქართული ენისა და ლიტერატურისთვის გამოყოფილი საათები დარჩა

10 ოქტომბერი, 2017 • 3370
ნატალი გასიევა: სამხრეთ ოსეთში ქართული ენისა და ლიტერატურისთვის გამოყოფილი საათები დარჩა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების მინისტრის, ნატალი გასიევას განცხადებით, ახალგორის რაიონის ქართულ სკოლებში ქართული ენა და ლიტერატურა არჩევით საგნებად დარჩება.

“ქართული სკოლის მოსწავლეები აქამდე ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის მიღმა იმყოფებოდნენ. ენის ბარიერის გამო მათ ჩვენი სასწავლო პროგრამები და რუსულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად კვოტების შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს. ამასთან, ჩვენ მათ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების უფლება შევუნარჩუნეთ. ყოველდღიურად სკოლებში ამ საგნებისთვის გამოყოფილი საათები დარჩა”,  – ამბობს გასიევა.

საქართველოს მთავრობამ ახალგორის რაიონში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ გადავიდა, ქართულ საჯარო სკოლებში სწავლების რუსულ ენაზე გადასვლა გააკრიტიკა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ამ ნაბიჯს დისკრიმინაცია უწოდა.

ამ ეტაპზე რუსულ ენაზე სწავლა პირველიდან მე-4 კლასის ჩათვლით სრულად ჩანაცვლდა [ქართულ ენას ერთ-ერთი საგნის სტატუსი დარჩება], დანარჩენ კლასებში რუსულ ენაზე სწავლება ეტაპობრივად მოხდება.

პრობლემების შესახებ, რომლებიც ქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებს და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებსა და მათ პედაგოგებს შეექმნათ, სკოლების დირექტორები მედიასთან საჯარო საუბარს თავს არიდებენ.

ახალგორის რაიონის ქართულენოვან სკოლებში სწავლების რუსულ ენაზე გადასვლა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო. 2008 წლის აგვისტოდან დღემდე ახალგორის რაიონში ორი ქართულენოვანი ბაგა-ბაღი იყო დარჩენილი, სადაც წინა სასწავლო წლის ბოლომდე 30-მდე აღსაზრდელი ირიცხებოდა.

ნატალი გასიევა, ფოტო: sputnik

ნატალი გასიევა, ფოტო: sputnik

მასალების გადაბეჭდვის წესი