ახალი ამბები

საქსტატი: ბიზნესსექტორში სამსახური 42 100 ადამიანმა დაკარგა

5 ივნისი, 2013 • • 1169
საქსტატი: ბიზნესსექტორში სამსახური 42 100 ადამიანმა დაკარგა

სტატისტიკის სამსახურის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, 2012 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში 470 ადამიანი იყო დასაქმებული, მეორე კვარტალში 503 100, მესამე კვარტალში 516 600, ხოლო მეოთხე კვარტალში 527 800 ადამიანი. 2013 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში 485 700 ადამინი იყო დასაქმებული. 2012 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 42 100–ით შემცირდა. 


ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ქვეყანაში სამუშაო ადგილების 42 ათასით შემცირებასთან დაკავშირებით “საქსტატის” მონაცემების სიზუსტეს ეჭვქვეშ აყენებს.

 

“ჯერჯერობით არ არსებობს იმის დასაბუთება, რომ ესაა ზუსტი მაჩვენებელი. თანაც ყველაფერი შედარებითი უნდა იყოს. არ შეიძლება პირველი კვარტალი შეადარო მეოთხე კვარტალს, ეს იგივეა, რომ შაბათს ქორწილების რაოდენობა შეადარო სამშაბათს დაფიქსირებულის რაოდენობას. შაბათი უნდა შევადაროთ შაბათს, ასევე ამ შემთხვევაში შედარება უნდა მომხდარიყო არა 2012 წლის ბოლო კვარტალთან, არამედ 2012 წლის პირველ კვარტალთან. მით უმეტეს, რომ სეზონურობა ახასიათებს ყველაფერს, მათ შორის უმუშევრობას. იგივეა მშენებლობის სექტორში, ზამთარში უფრო ნაკლებია მშენებლობაზე დასაქმებულთა რაოდენობა, ზაფხულში უფრო იმატებს. ჩვენი ინფორმაციით, საშემოსავლო გადასახადებში გვაქვს ზრდა. 19 %-ით მეტია საშემოსავლო გადასახადებიდან შემოსული თანხა პირველ კვარტალში. ეს ნიშნავს, რომ ადამიანების შემოსავლები მინიმუმ 19 %-ითაა გაზრდილი. მეორე, მე დანამდვილებით ვიცი, რომ ადგილობრივმა თვიმმართველობებმა გაზარდეს დასაქმებულთა რაოდენობა. ისიც ვიცი, რომ რამდენიმე საწარმომ შეამცირა თანამშრომლების რაოდენობა, მაგრამ არა მნიშვნელოვნად, ამიტომ ყველა ეს მოსაზრება არის ექსპერტული და საბედნიეროდ განსხვავდება რეალობისგან”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე განმარტებით, პირველ კვარტალში დაფიქსირებული არც თუ სახარბიელო მონაცემები იმ პრობლემების გამოძახილია, რომელიც საქართველოში იყო:

“მილიარდ ნახევარი ლარი ზედმეტად გადახდილი გადასახადები დაგვხვდა, ამის გარდა უამრავი შეწერილი ფული და პროექტი იყო, რომელსაც ბიზნესი იხდიდა. ბიზნესი ლიმონივით გამოწურული და გადაგდებულია. ახლა ის ფეხზე უნდა დადგეს. ეკონომიკა გამოდის შოკიდან.დღეს ბიზენსი თავისუფალია. კომპანიებს არავინ არ აიძულებს, რომ ჩამოიყვანონ მომღერლები და სხვადასხვა პროექტები დააფინანსონ. ერთ დღეში საოცრებები არ ხდება და ჯადოსნური ჯოხი არავის არ აქვს”.

ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრამა ზურაბ ჯაფარიძემ პრესკონფერენცია გამართა.  გუშინ სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა დასაქმებასთან დაკავშირებული მონაცემები, რის მიხედვითაც, 2013 წლის პირველ კვარტალში, სამსახური კერძო სექტორში დასაქმებულმა 42 000 მოქალაქემ დაკარგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი