ახალი ამბები

გამომცემლობები განათლების მინისტრის ბრძანებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ

5 ივნისი, 2013 • 911
გამომცემლობები განათლების მინისტრის ბრძანებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ

ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე, გამომცემლობა “ლოგოს პრესის” დირექტორი ლაშა ბერაია, გამომცემლობა “დიოგენეს” წარმომადგენლები, თამარ ლებანიძე და ირინა რუხაძე ამ საკითხზე პრესკონფერენციას დღეს, 5 ივნისს გამართავენ.

 

წიგნის გამომცემლების თქმით, განათლების მინისტრის ბრძანებამ მათ მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელებას ხელი შეუშალა. შეწყვეტილმა ფინანსურმა სარგებელმა გამომცემლობას ისეთი პრობლემები შეუქმნა, როგორიცაა თანამშრომლების გათავისუფლება ან უხელფასო შვებულებაში გაშვება და დაგეგმილი პროექტების განხორციელების გადავადება ან უარის თქმა.

 

შაშკინის ბრძანების ამ მუხლის (მუხლი 10) შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს, “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, საავტორო უფლების მფლობელის მიერ ჩვეულებრივი ლიცენზიის ან განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით გადაცემული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს გამოყენების უფლება გადასცეს ჩვეულებრივი ან განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს საავტორო უფლების მფლობელისთვის დაინტერესებული პირის მიერ ჰონორარის სახით გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის 10% გადახდას) და მოსთხოვოს საავტორო უფლების მფლობელს სახელმძღვანელოს/სერიის ელექტრონული ვერსიის შესაბამის ფორმაში წარმოდგენა.

 

გამომცემლობებისთვის აღნიშნული ბრძანება სწორედ განათლებისა და მეცნიერების ამჟამინდელი მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის დროს ამოქმედდა, როდესაც სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები, რომელსაც მოსწავლეებისთვის უფასოდ დაარიგებენ, თავადვე დაბეჭდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი