ახალი ამბები

ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის მანქანის დაზიანების საქმეს შსს იძიებს

9 ოქტომბერი, 2017 • 2684
ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის მანქანის დაზიანების საქმეს შსს იძიებს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა “განსხვავებული აქცენტების” წამყვანი, ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ვარაუდობს, რომ მისი ავტომანქანა განზრახ, შურისძიების მიზნით დააზიანებს. შსს-ს ცნობით, გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია.

ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ მის ავტომანქანას მოტეხილი აქვს სარკეები, დაზიანებული აქვს კარი.

“ღამით ხმაური ჩვენ არ გაგვიგია, მაგრამ, როგორც მეზობელი ამბობს, თავდასხმა დაახლოებით ღამის 2 საათისთვის მოხდა. მანქანას ამტვრევდა ორი უცხო პირი, თუმცა რაიმე ბლაგვი საგნის კვალი მას არ ეტყობა. მანქანას არ ჰქონდა სიგნალიზაციის სპეციალური სისტემაც, შესაბამისად,  ჩვენ  მხოლოდ დილით ვნახეთ ის, როდესაც ჩემს მეუღლეს ბავშვი სკოლაში უნდა წაეყვანა. გამოვიძახეთ პატრული, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ მანქანიდან არაფერია მოპარული.”

ჟურნალისტის თქმით, მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, რომ ეს საქმე პოლიციამ დროულად გამოიძიოს.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია, რომ ეს საქმე დროულად გამოიძიონ. ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც ჩემი მისამართით გამიგონია მუქარა, მათ შორის, ჩემი სახლის ფანჯრების ქვეშ. შესაბამისად, მაქვს გონივრული ეჭვი, რომ თავდასხმა მოხდა არა შემთხვევით, არამედ განზრახ, შურისძიებით მიზნით. ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია საქმის გამოძიება, რისთვისაც ყველა პირობა არსებობს, მათ შორის ვიდეოკამერა, რომელიც ახლომდებარე მაღაზიასთანაა დამონტაჟებული, მეზობლების ჩვენებები და ხელისა და თითების ანაბეჭდები მანქანაზე,”- აღნიშნა ეკა კვესიტაძემ

შსს-ს ცნობით, გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც ნივთის განზრახ დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს.

ეკა კვესიტაძის მანქანა ორმა უცხო პირმა ღამით დააზიანა. ფოტო : ეკა კვესიტაძის ფეისბუქ გვერდი

ეკა კვესიტაძის მანქანა ორმა უცხო პირმა ღამით დააზიანა. ფოტო : ეკა კვესიტაძის ფეისბუქ გვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი