ახალი ამბები

სუამის დაფუძნების 20 წლისთავი თბილისში – რაზე იმსჯელეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა

8 ოქტომბერი, 2017 • 3691
სუამის დაფუძნების 20 წლისთავი თბილისში – რაზე იმსჯელეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა

2017 წლის 8 ოქტომბერს თბილისში დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალური სხდომა გაიმართა, რომელიც ამ ორგანიზაციის დაფუძნებიდან მე-20 წლისთავს მიეძღვნა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად თბილისს სუამის მაღალი დონის დელეგაცია ეწვია გენერალური მდივნის ალთაი ეფენდიევის ხელმძღვანელობით.

სუამის დელეგაციის შემადგენლობაში არიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი. სხდომის ფარგლებში, ხელი მოეწერა სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა ერთობლივ კომუნიკეს.

ვიზიტის ფარგლებში, სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს წევრები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან. სხდომის ბოლოს მათ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც სუამის მნიშვნელობისა და ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დღის ბოლოს, სუამის დელეგაციის წევრები “თბილისობის” დღესასწაულშიც მიიღებენ მონაწილეობას.

2017 წელს საქართველო სუამის თავმჯდომარე ქვეყანაა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტი საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას შორის დინამიკური და პროდუქტიული თანამშრომლობის უზრუნველყოფაა.​

საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სუამის მნიშვნელობასა და მინისტერიალის შედეგებზე საიუბილეო სესიის შემდეგ სუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სუამი ამ ხნის განმალობაში საერთაშორისო ასპარეზზე სრულფასოვან და ძლიერ პოლიტიკურ აქტორად ჩამოყალიბდა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ავითარებს წარმატებულ თანამშრომლობას:

“20 წლის წინ ოთხმა მეგობარმა ქვეყანამ საფუძველი ჩაუყარა სუამის ფორმატის დაარსებას რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებისათვის. გასული წლების მანძილზე, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, სუამი გარდაიქმნა სრულფასოვან რეგიონალურ ორგანიზაციად, რომლის ფარგლებშიც დღეს წარმატებით ვითარდება პოლიტიკური, დარგობრივი და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა.”

ჯანელიძის თქმით, საიუბილეო სხდომაზე, მონაწილეებმა შეაფასეს როგორც განვლილ წლებში მიღწეული შედეგები, ასევე დასახეს და შეიმუშავეს ერთობლივი სამომავლო ხედვა ორგანიზაციის კიდევ უფრო ეფექტური და წარმატებული საქმიანობისთვის.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის, მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს და სუამის გენერალურ მდივანს ორგანიზაციის 20 წლისთავის აღსანიშნავად თბილისში სპეციალურად ჩამობრძანებისთვის. ასევე, გამოთქვა იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით, არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდება არა მხოლოდ სუამის წევრ სახელმწიფოებს შორის, არამედ ასევე მის პარტნიორებთან.

ჯანელიძემ ასევე ისაუბრა ღონისძიების ფარგლებში სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი საგანგებო კომუნიკეს მნიშვნელობაზე: “ეს დოკუმენტი ადასტურებს ოთხივე ქვეყნის ერთსულოვნებას, გამოიჩინონ მეტი აქტიურობა და საერთო ძალისხმევით მიაღწიონ მეტ შედეგს, ოთხივე ქვეყნისა და ხალხების საკეთილდღეოდ.”

სუამის 20 წლისთავი თბილისში. - საგარეო საქმეთა მინისტრები

სუამის 20 წლისთავი თბილისში. – საგარეო საქმეთა მინისტრები

კითხვას, რომელიც სუამის ფარგლებში თავისუფალ სავაჭრო ზონის შექმნას შეეხებოდა, მიხეილ ჯანელიძემ უპასუხა, რომ სატრანსპორტო დერეფნის განვითარება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია:

“წლევანდელი წელი ნამდვილად გამოირჩევა განსაკუთრებული აქტივობით, სუამის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრების შეხვედრა კიევში. მთავრობის ხელმძღვანელებმა მისცეს ახალი ბიძგი და იმპულსი სუამის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებების კიდევ უფრო გააქტიურებას.”

მინისტრმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო კორიდორის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ორგანიზაციისთვის და ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის ეს უმთავრესი პრიორიტეტია. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, განხორციელდება შესაბამისი ქმედებები, რათა სატრანსპორტო კორიდორი გახდეს ეფექტური და ცნობადი გლობალური მასშტაბით.

“სატრანსპორტო კორიდორს შეუძლია მხოლოდ სიკეთის, სტაბილურობის და განვითარების მოტანა მთლიანად რეგიონისთვის. ამ თანამშრომლობისთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიწვევთ როგორც აღმოსავლეთით ასევე დასავლეთით ყველა დაინტერესებულ მხარეს,” – განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს თავისუფალ სავაჭრო ზონასთან დაკავშირებით შესაბამის საიმპლემენტაციო შეთანხმებების გაფორმებაზე მუშაობა და წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება პროცესის დასრულება.

საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სუამ-ის ფარგლებში

საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სუამ-ის ფარგლებში

მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა მოლდოვის რესპუბლიკის ვიცეპრემიერთან, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრთან, ანდრეი გალბურთან. მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს სუამის საიუბილეო მინისტერიალის ორგანიზებისთვის, რომლის ფარგლებშიც მინისტრებს საშუალება მიეცემათ შეაჯამონ ორგანიზაციის განვლილი საქმიანობა და იმსჯელონ სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და მოლდოვის თანამშრომლობას ორმხრივ ფორმატში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღინიშნა არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რაც, მინისტრების შეფასებით, კარგ საფუძველს ქმნის სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებისა და კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას, ამ კუთხით განიხილეს მოლდოვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესაძლებლობა საქართველოში.  მათი საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ორი ქვეყნის პარტნიორობას ამ მიმართულებით, მათ შორის განხილულ იქნა ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელი საკითხები.

მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა სუამ-ის გენერალურ მდივანთან

მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა სუამის გენერალურ მდივანთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საიუბილეო მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ასევე სუამის გენერალურ მდივანთან ალტაი ეფენდიევთან. შეხვედრისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დიდი პატივია უმასპინძლოს სუამის 20 წლის იუბილეს, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანამ. მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ საიუბილეო მინისტერიალის მნიშვნელობის შესახებ ორგანიზაციის განვლილი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესაფასებლად.

საგერეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე წელს ორგანიზაციის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე, რა დროსაც ხაზი გაესვა ორგანიზაციის ეფექტური საქმიანობისთვის გენერალური სამდივნოს როლს. ​

მიხეილ ჯანელიძე უკრაინელ კოლეგას შეხვდა

მიხეილ ჯანელიძე უკრაინელ კოლეგას შეხვდა

სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საიუბილეო შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ვიცეპრემიერმა ორმხრივი შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგა პაოლო კლიმკინთანაც. საგარეო საქმეთა სამინისტოროს ცნობით, მინისტრები მიესალმნენ ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობას და ისაუბრეს საიუბილეო მინისტერიალის მნიშვნელობაზე ორგანიზაციის სამომავლო გეგმების განსაზღვრის კუთხით.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, კმაყოფილებით აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა. ასევე ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის არსებულ ფორმატს.

პავლო კლიმკკინმა საერთო პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სუამის ქვეყნებს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საერთო გამოწვევა აქვთ, ხოლო ამ პრობლემას რუსეთის ფედერაცია ქმნის. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საჭიროა, რომ ამ გამოწვევას სუამის ქვეყნები ერთობლივად დაუპირისპირდნენ. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით აუცილებელია მუშაობის გაგრძელება და ძალისხმევის ჩადება.

საქართველოს და აზარბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სუამ-ის ფარგლებში

საქართველოს და აზარბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სუამის ფარგლებში

საქართველოს ვიცეპრემეირი აზერბაიჯანელ კოლეგას ელმარ მამედიაროვსაც შეხვდა. მინისტრები მიესალმნენ თბილისში ორგანიზაცია სუამის საიუბილეო თარიღის აღნიშვნას და მის ფარგლებში მიმდინარე მინისტერიალს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთბების დღის წესრიგში არსებულ მიმდინარე საკითხებს.

აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა რეგიონალური პროექტების განხორციელების პროცესში, ამ მხრივ განსაკუთრებული ხაზი გაესვა სატრანზიტო, ენერგეტიკულ პროექტებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის დასასრულ ფაზაში გადასვლასთან დაკავშირებით და განიხილეს რკინიგზის ამოქმედების ოფიციალურ ცერემონიასთან დაკავშირებული საკითხები. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, თუმცა აღნიშნეს, რომ ამ მხრივ საჭიროა ჯერ კიდევ არსებული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობა.

დღის ბოლოს, სუამის დელეგაციის წევრებმა “თბილისობის” ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად თბილისობის დღესასწაულზე აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს ელმარ მამედიაროვს, პავლო კლიმკინს და ანდრეი გალბურს განახლებულ აღმაშენებელზე უმასპინძლა.

მინისტრებმა სპეციალურად “თბილისობისათვის” დადგმული ქუჩის ღონისძიებები და გამოფენები დაათვალიერეს. სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს, რის შემდეგაც სამახსოვროდ ქართული კერძების მენიუებით შექმნილი საქართველოს რუკა და ტკბილეული გადაეცათ.

საგარეო საქმეთა მინისტრები "თბილისობის" დღესასწაულზე

საგარეო საქმეთა მინისტრები “თბილისობის” დღესასწაულზე

სუამი სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციაა, რომელიც 1997 წლის ოქტომბერში ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე რესპუბლიკის: საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის მიერ (1999 წლიდან 2005 წლის ჩათვლით მასში აგრეთვე შედიოდა უზბეკეთი) მიერ შეიქმნა. ორგანიზაციის სახელი მასში გაერთიანებულ სახელმწიფოთა სახელებისგან შემდგარი აკრონიმია. თანამშრომლობა საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას შორის სუამის ფარგლებში საკონსულტაციო ფორუმით დაიწყო, რომელიც 1997 წლის 10 ოქტომბერს სტრასბურგში შედგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი