ახალი ამბები

გოგონებისთვის ჰიჯაბის სკოლაში ტარების აკრძალვის გამო საიამ ომბუდსმენს მიმართა

4 ოქტომბერი, 2017 • 3598
გოგონებისთვის ჰიჯაბის სკოლაში ტარების აკრძალვის გამო საიამ ომბუდსმენს მიმართა

ახარგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჯარო სკოლაში ჰიჯაბის აკრძალვის თაობაზე სახახლხო დამცველს მიმართავს და სკოლის შინაგანაწესის შეცვლას ითხოვს.

საიას ცნობით, 3 ოქტომბერს მიმართა სახალხო დამცველს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის ორი მუსლიმი მოსწავლე გოგონას სახელით.

საქმე ეხება ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორის მხრიდან მოსწავლე გოგონასათვის სკოლის ტერიტორიაზე მუსლიმური რელიგიური სიმბოლოს, ჰიჯაბის ტარების აკრძალვას.

საია სახალხო დამცველთან ასაჩივრებს სკოლის შინაგანაწესის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტს, რომელიც მოსწავლისაგან ითხოვს სკოლაში ქუდის, კეპის, ბენდენის და თავსახვევის ტარების აკრძალვას.

საიას მიაჩნია, რომ შინაგანაწესის ეს ჩანაწერი ეწინააღმდეგება “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლითაც აკრძალულია ირიბი დისკრიმინაცია (ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულების დაუშვებლობა).

საია თვლის, რომ თავსახვევის ამკრძალავი სკოლის შინაგანაწესი ნეიტრალურია რელიგიური სიმბოლოების მიმართ, თუმცა ამ დებულების აღსრულების პრაქტიკა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მუსლიმ გოგონას ქრისტიან თანატოლებთან შედარებით. შინაგანაწესი მსგავს აკრძალვას არ აწესებს მოსწავლის მიერ საჯარო სკოლაში ქრისტიანული ჯვრის ტარებასთან დაკავშირებით.

,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა დაწესებულებამ, მათ შორის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლამ, თავისი შიდა რეგულაციები შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან.

საია სთხოვს სახალხო დამცველს, რეკომენდაციით მიმართოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს, რომ შეიცვალოს შინაგანაწესი, რათა მუსლიმ მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცეთ, ატარონ ჰიჯაბი.

მასალების გადაბეჭდვის წესი