ახალი ამბები

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება netgazeti.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალებზე

2 ივნისი, 2013 • 1397
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილება netgazeti.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალებზე

ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ მაია მეცხვარიშვილსა და ირაკლი მანაგაძეს არ დაურღვევია ქარტიის არც ერთი პრინციპი, ხოლო დავით მჭედლიძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპი.

 

ტელეკომპანია “მე-9 არხი” და “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი” განცხადებებში მიუთითებდნენ, რომ “ნეტგაზეთის” მიერ გამოქვეყნებული მასალით, ასევე, media.ge-ისა და epn.ge-ის მიერ გამოქვეყნებული მასალებით, რომლებიც ეხება ტელეკომპანია “მე-9 არხის” მიერ “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისგან” მიღებულ დაფინანსებას, დაირღვა ქარტიის პირველი, მესამე და მეხუთე პრინციპები.

 

პირველი პრინციპის მიხედვით, “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.” 

 

მესამე პრინციპის მიხედვით, „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.“ 

 

მეხუთე პრინციპის მიხედვით, „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“

 

ამას გარდა, “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი” განცხადებაში მიუთითებდა, რომ “ნეტგაზეთის”  მასალით, ასევე, დაირღვა ქარტიის მეოთხე პრინციპი. ფონდის განცხადებაში აღნიშნული იყო კიდევ ერთი მეთერთმეტე პრინციპის შესაძლო დარღვევის თაობაზე.

 

მეოთხე პრინციპის მიხედვით, ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.

 

მეთერთმეტე პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს ფაქტის განზრახ დამახინჯება.

 

დღევანდელ სხდომაზე ფონდის დირექტომა ქეთევან ვაშაკიძემ მოხსნა მეოთხე პრინციპთან დაკავშირებული დავა დღის წესრიგიდან, ხოლო  მე-11 პრინციპის გავრცელება media.ge-ის და epn.ge-ის მასალებზეც მოითხოვა.

 

განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ მასალებში მოხდა იმ ფაქტის აქცენტირება, რომ ტელეკომპანია “მე-9 არხის” მფლობელი კომპანია “აქცეპტის” 80%-ან წილს ფლობს მილიარდერისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე.

 

საბოლოოდ, საბჭომ დაადგინა, რომ “ნეტგაზეთისა” და “ექსპრესნიუსის” წარმომადგენლებს არც ერთი პრინციპი არ დაურღვევია. საბჭო სამოტივაციო ნაწილს მოგვიანებით გამოაქვეყნებს, რასაც შემდგომში “ნეტგაზეთიც” შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი