ახალი ამბები

გიორგი ქადაგიძე: სავალუტო ფონდის ვალი 2015 წლისთვის დაიფარება

1 ივნისი, 2013 • • 1268
გიორგი ქადაგიძე: სავალუტო ფონდის ვალი 2015 წლისთვის დაიფარება

ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ყოველწლიურ შეხვედრაზე გააკეთა.

 

გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე

“ჩემთვის დიდი პატივია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების წევრი ქვეყნების შეხვედრის საქართველოში მასპინძლობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. 1992 წლიდან მსოფლიო ბანკმა ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 55 პროექტი დააფინანსა, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია. ჩვენ ასევე მივიღეთ 1.5 მილიარდი დოლარის დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, მათ შორის საბიუჯეტო დახმარება. რაც შეეხება ვალს, ფონდის წინაშე არსებული დავალიანების გასტუმრება 2012 წელს დავიწყეთ. ჩვენ გადახდილი გვაქვს 250 მილიონი დოლარი. წელს, ახალ მთავრობასთან ერთად კი, კიდევ გადავიხდით 300 მილიონ დოლარს. უკვე მომავალ წელს დავფარავთ 260 მილიონ დოლარს. 2015 წლისთვის თითქმის მთლიანად გვექნება გადახდილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ არსებული ვალი”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ასეთი მაღალი რანგის სტუმრებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან მათმა ქვეყნებმა გაიარეს განვითარების ის სტადია, რომელშიც ახლა საქართველო იმყოფება: 

 

“ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომლებმაც უკვე გაიარეს ის სტადია, რომელშიც ახლა საქართველო იმყოფება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება, წარმატების და წარუმატებლობის ანალიზი, რათა ჩვენი საქმიანობა სწორად წარვმართოთ”.

 

საერთაშორისო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრა დღეს, “თბილისი–მარიოტში” გაიმართა. ორ დღიანი კონფერენცია, რომელშიც საქართველოს მთავრობა მონაწილეობს 2 ივნისს დასრულდება. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი