ახალი ამბებიტექნოლოგიები

ნანორძე, ნანოსუფი და სხვა „ჭკვიანი“ საკვები

2 ოქტომბერი, 2017 • 7657
ნანორძე, ნანოსუფი და სხვა „ჭკვიანი“ საკვები

 შარშან სექტემბერში ნიუ იორკში ჩელსის არტგალერეების მეზობლად გამართულ “ნანოს მსოფლიო ბაზრობაზე” (Worlds Fair Nano) ჩემთვის გაუგებარ კონსტრუქციებსა და ტექნიკურ „ჯართს“ შორის უცხოპლანეტელივით დავსეირნობდი და ხან რობოტ ვეტერინარებს გადავაწყდებოდი და ხანაც სათვალთვალო კამერების უახლეს გამოგონებებს, რომელიც თურმე საეჭვო პირებს ვირტუალურად ლამის ოკეანის გადაღმა ან კოსმოსში შეიძლება გაჰყვეს. ბოლოს, როგორც იქნა, „ნაცნობ” თემას მივაგენი. დიდ მაგიდაზე პლასტმასის სიფრიფანა თეფშებზე  საკვების მცირე ულუფები და წყლის ბოთლები იდო. წარწერა გვამცნობდა, რომ ეს იყო “ნანოსაკვებისა” და “ნანოწყლის” პრეზენტაცია. ყველაზე ცოტა სტუმარი ამ გამოფენის გარშემო შეიკრიბა. მასპინძელი ღიმილით მთავაზობდა გამესინჯა მშრალი „უცხო ხილი”, მაგრამ ვერ გავბედე ჩემი ძველმოდური გემოვნების გამო, თუმცა წყლის ბოთლი  გამოვართვი და, როგორც მახსოვს, არ დავლიე, არამედ ხელები დავიბანე. ჩვეულებრივი წყალი იყო, არაფერი განსაკუთრებული.

წელს კი ნანოტექნოლოგიის გამოფენაზე ნანოსაკვებიდან გამოფენილი იყო ნანოსოიოს რძე, პროტეინული ნანოკრეკერები, ნანოყავა, რომლის დალევაც და დაღეჭვაც შეიძლება.  გარდა ამისა, როგორც ადრე, ნანოტექნოლოგიების სიახლეების თაობაზე საგამოფენო დარბაზის სივრცეებში ლექციების მოსმენის საშუალებაც მოგვეცა.

თანამედროვეობის ტექნოლოგიური გამოწვევები, ჯანდაცვისა და ზოგადად ჯანმრთელობის, როგორც ცნების, განსაზღვრების ახალი სტანდარტების არსებობა არა მარტო სამედიცინო სფეროში, არამედ კვების ინდუსტრიაშიც, ინოვაციების დამკვიდრებას ითხოვს. დღესდღეობით ამგვარ სიახლეს ნანოტექნოლოგიების საშუალებით საკვების, ანუ ნანოსაკვების პროდუცირება წარმოადგენს. ის საკვების კულტივირების, წარმოების, გადამუშავებისა და შეფუთვის დროს ნანოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებას გულისხმობს. ნანოსაკვებს „ჭკვიან საკვებსაც” უწოდებენ. ნანონაწილაკებს, რომლებიც თავისი ზომით ცილებს, ანტისხეულებსა ანდა  ვირუსებს არ აღემატება, საკვების შემადგენლობის, გემოსა და  კალორიულობის შეცვლა შეუძლია. თავისი ზომების გამო ნანონაწილაკები პროდუქტის ბიოლოგიურ მემბრანებში აღწევს და ცოცხალ უჯრედებში ჩაშენების უნარის გამო იქ იბუდებს და საკვებს სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს. მიკროელემენტებით  გამდიდრებული საკვები კი სასიცოცხლოდ აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებების წყაროა.

მზარეულები ნანოსაკვებს კულინარული ხელოვნების ჯერ კიდევ არარსებულ დონეზე გადაყვანის პერსპექტივას უკავშირებენ და იმასაც, რომ რაღაც პერიოდიდან სამზარეულო არა გაზქურაზე, ქვაბებში მოთუხთუხე სივრცე, არამედ ალქიმიური ლაბორატორია გახდება.

ნანომეთოდით, ჩვეული გემოს შენარჩუნებით, დაბალცხიმიანი და დაბალშაქრიანი პროდუქტების წარმოებაცაა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია უარი არ თქვას საყვარელი საკვების ოდნავ ჭარბ მოხმარებაზე (ჭარბი არც ნანოა სასარგებლო, ისევე როგორც არც სხვა რამ) და ამავე დროს ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს, რაც გულ–სისხლძარღვთა და სხვა დაავადების კარგი პროფილაქტიკაა.

2

ნანოსაკვების კულტივირება და მარგი ქმედების კოეფიციენტი

არსებობს არაერთი მითი ნანოსაკვების დადებითი თუ უარყოფითი მახასიათებლების შესახებ, თუმცა სრულიად ნათელია, რომ ამგვარი საკვები ზედგამოჭრილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და ასაკოვანი ადამიანებისთვის. გარდა ამისა, მეცნიერები ნანოსაკვებს მსოფლიოში შიმშილის პრობლემის დაძლევის ყველაზე ეფექტურ საშუალებად განიხილავენ. დედამიწაზე მცხოვრები ექვსი მილიარდი ადამიანიდან ერთ მილიარდზე მეტი სრულად ან ნაწილობრივ შიმშილობს. რადგანაც არც ისე შორსაა ის დრო, როცა ჩვენ ცხრა მილიარდი გავხდებით, ადამიანების საკვებით დაკმაყოფილების პრობლემა უფრო მწვავე გახდება, ვიდრე  დღეს  ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს კი თავისთავად გამოიწვევს არა მარტო მოსახლეობის ლეგიტიმურ „პრეტენზიებს” მიწის, ნიადაგის, სასუქის, არამედ  წყლის მიმართაც და ამ „პრეტენზიების” დასაკმაყოფილებლად ასტრონომიული თანხების გაღება იქნება საჭირო.

ზოგადად, ნანოსტრუქტურები ბუნებრივი სახით ჩვეულებრივ საკვებშიცაა; სხვა „ნანოები” კი მწარმოებლებმა საკვებს უნდა დაამატონ, ცხადია, შემუშავებული ნორმების შესაბამისად.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ახლო მომავალში საკვები ხორცის დეფიციტიც სავსებით მოსალოდნელია, ხორცის ჩამნაცვლებელი საკვების შექმნა კი ნანოტექნოლოგიის გარეშე წარმოუდგენელია და, ცხადია, ეს ახალი ტექნოლოგიები შეუცვლელი იქნება ცხოველთა ფერმებშიც.

სამხრეთ კაროლინის კლემსონის უნივერსიტეტში ნანოტექნოლოგიას იყენებენ იმ პრობლემებთან საბრძოლველად, რომლებიც  ცხოველების ანტიბიოტიკებით კვებისას წარმოიქმნება. ევროპაში  აკრძალულია ცხოველების საკვებში ანტიბიოტიკების გამოყენება, რადგანაც მიკრობები ამ წამლების მიმართ მედეგობას გამოიმუშავებს. უნივერსიტეტის თანამშრომლები კი ქმნიან ნანონაწილაკებს, რომლებიც ქათმის წიწილებში ამ ანტიბიოტიკებს ჩაანაცვლებს. ნანონაწილაკები უკავშირდება ბაქტერიებს, მათ  კრავს და ქათმის ფეკალიებთან ერთად გარეთ გამოაქვს. გარდა ამისა, ნანოტექნოლოგიებს პესტიციდების წარმოებისთვისაც იყენებენ. ეს ტექნოლოგია კი საშუალებას იძლევა შეიქმნას უკეთესი ხარისხის ნივთიერებები, რომლებიც პარაზიტებს, საშიშ გადამდებ დაავადებებს შეებრძოლება და ნიადაგს, ფესვებს, ბალახსა და სარეველას უკეთესად „მიემაგრება” . ნანოსასუქს კი საკვები ნივთიერებების მიწოდება უფრო ეფექტურად შეუძლია.

ჩვეულებრივი აზოტის  გამოიყენებისას მისი მარგი ქმედების კოეფიცინტის ლამის ნახევარი ჰაერში იკარგება, რაც ჰაერის დაბინძურებას იწვევს. სამაგიეროდ ნანოსასუქის გამოყენება  მცენარეების მიერ შეთვისების უნარს ზრდის. ამავე დროს, ამა თუ იმ ფლორის დიდ ტერიტორიებზე გახარების საჭიროებასაც ამცირებს. ასევე ცნობილია, რომ  მთელ მსოფლიოში  ენერგოწარმოების ერთი პროცენტი სასუქის მცენარეებამდე „მიტანაზე” იხარჯება, სამაგიეროდ ნანოსასუქის გამოყენებით სათბურის აირის გამოყოფა საგრძნობლად მცირდება. სასუქზე ტიტანის დიოქსიდის დამატება არასასურველი ბაქტერიების დაშლას უწყობს ხელს მაშინ, როცა სხვა ნანონაწილაკები იმ სხვა ქიმიური ნაერთების გამოყოფისთვის გამოიყენება, რომლებიც მცენარის ზრდას არეგულირებს.

შეფუთვა

საკვების შეფუთვაში ნანოტექნოლოგიის გამოყენება ორ ტიპად იყოფა. აქტიური შეფუთვა და სმარტ–შეფუთვა. აქტიური გულისხმობს ისეთი შესაფუთი მასალის მოხმარებას, რომელიც განსაზღვრული ფუნქციითა დატვირთული, პროდუქტში ჟანგბადის მიწოდებას აფერხებს და საკვებს გაფუჭებისგან იცავს. სმარტ–შეფუთვა კი საკვების გარემოს ცვლილებაზე რეაგირებს და პათოგენის არსებობაზეც მიუთითებს.

მაგალითად, აშშ–ში კომპანია McDonalds ჰამბურგერებისთვის ნანოტექნოლოგიით დამზადებულ მუყაოს კონტეინერებს იყენებს. მის შემადგენლობაში შედის ნანონაწილაკები, რომლებიც სახამებლის წებოს საფუძველზე მზადდება. თავის მხრივ, ეს ნივთიერებები იქმნება განახლებადი რესურსებისგან, რომლებიც ნავთობს ჩაანაცვლებს. ჰამბურგერების კონტეინერებში პოლივინილაცეტატი და პოლივინილის სპირტი ნანომასალითაა ჩანაცვლებული.

ლუდის მწარმოებელი ზოგიერთი კომპანიის პლასტიკური ბოთლები სპეციალური ნანოკომპოზიტური მასალისგან მზადდება. ეს ახალი ტექნოლოგია კი შენახვის ვადას ახანგრძლივებს და ანტიმიკრობულ – ანტისოკოვან შესაფუთ მასალას ქმნის. მრავალჯერადი მოხმარების “ჭკვიანი კონტეინერები” აღჭურვილია სენსორებით, რომლებიც მომხმარებელს აცნობებს, არის თუ არა საკვები უსაფრთხო.

კომპანია Nancor  სპეციალიზდება ისეთი ბოთლების, ყუთების თუ შესაფუთი მასალის წარმოებაზე, რომელიც სუნისა და აირის შეუღწევადობას უზრუნველყოფს. კომპანია Inmare კი გამჭვირვალე შესაფუთი მასალისთვის ნანოკომპოზიტიურ დაფარვას აწარმოებს, რომელიც ჟანგბადისა და სინესტის ბარიერია. მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ ამგვარი ტიპის ტექნოლოგია პლასტიკატის წარმოების შემცირებას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, გარემოს პლასტმასით დაბინძურებისგან იხსნის.

ნანოსაკვები  და კანონმდებლობა

2007 წლის  ნოემბერში „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის” სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ნანომასალების წარმოებას სწავლობს, ბიძგი მისცა პროგრამას, რომელიც წარმოებული ნანომასალების ტესტირებას დაიწყებს.

ახალი ტექნოლოგიების გავრცელების პროცესი, რომელიც  საკვებ პროდუქტებსა  თუ მედიკამენტებს ეხება, სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ნანოტექნოლოგიების დამკვიდრება არაერთ რისკთანაა დაკავშირებული, რაზეც, ცხადია, სახელმწიფო თვალს ვერ დახუჭავს, რადგანაც ნანოსაკვების ფუნქციურობა მის ბიო–ფიზიკო–ქიმიურ პარამეტრებსა და ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობას    უშუალოდ ეხება. აშშ–ში, მაგალითად, მიღებულია არაერთი ნორმატიული აქტი, რომელიც ნანოსაკვების გამოყენებას არეგულირებს.

2014 წლის 24 ივნისს აშშ–ის „საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ“ (Food and Drug Administration/FDA) გამოსცა სამი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც ეხება რეგულირებად პროდუქტებში ნანოტექნოლოგიების გამოყენების წესებს, მათ შორის, კოსმეტიკურ ინდუსტრიაშიც.

2015 წლის 6 აპრილს აშშ–ის გარემოს დაცვის სააგენტომ მიიღო ერთჯერადი ანგარიშების წარდგენის აუცილებლობის კანონი, რომელიც ნანოტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ინდუსტრიის გაკონტროლებას მოიაზრებს.

2015 წლის 5 აგვისტოს FDA-მ გამოსცა საბოლოო დირექტიული დოკუმენტი, რომელიც ცხოველებისთვის განკუთვნილი ნანოსაკვების კონტროლს აწესებს.

ნანოსაკვების წარმოების ინდუსტრიის ეს და სხვა სახის მარეგულირებელი კანონები სრულად მაინც ვერ მოიცავს იმ რისკების სრულ ჩამონათვალს, რომელიც საკვებ პროდუქტებში ნანოტექნოლოგიების/ნანოკომპოზიტების გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს მათი ტოქსიურობის თვალსაზრისით და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ უჯრედის სასიცოცხლო ფუნქციებზე ნანოს გავლენა  ჯერჯერობით სრულად არაა შესწავლილი. ამავე დროს, იქმნება ორგანიზაციები, მაგალითად, Nano Science Diagnostics, რომელიც  ნანოსაკვების ტესტსერვისებია. უახლოეს მომავალში ამგვარი ინსტიტუციების მომრავლება სასიცოცხლო აუცილებლობად გადაიქცევა.

ნანოსაკვების კომპანიები

საკვების მწარმოებელი ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა Kraft, Nestle, Heinz, Altria, Unilever, უკვე აქტიურად იყენებენ ნანოტექნოლოგიებს.

ამერიკულ Kraft Foods-ში თვლიან, რომ მათი პროდუქტი ამ კომპანიის თითოეული მომხმარებლის გემოვნებას მოერგება. სტანდარტული პროდუქტის ყიდვისას ადამიანს ნანონაწილაკების გააქტიურების მეთოდით თავად შეეძლება მისი ფერის, არომატისა და გემოს რეგულირება. მიუხედავად იმისა, რომ ნანონაწილაკების ზეგავლენა სუსტადაა შესწავლილი, მაღაზიის დახლებზე აქა–იქ ამგვარი პროდუქტი მაინც ჩნდება.

სამაგიეროდ ჰოლანდიის სუპერმარკეტების დახლებზე უკვე გამოჩნდა ნანოღვინის ბოთლები. ოთახის ტემპერატურაზე ნანოღვინოს ყურძნის მერლოსგან დამზადებული ხილის წვენის გემო აქვს, თუმცა ტემპერატურის ცვლილებებისას მისი სურნელი და გემო იცვლება და ეს ცვლილება ხილის გემო–სურნელის სასარგებლოდაა.

ნანოკაფსულების საშუალებით, რომელიც თუნუსის ცხიმს შეიცავს, შესაძლებელია პურის გამდიდრება. ასე აკეთებს კომპანია Tip Top Bread-ს, რომელიც პურს ომეგა–3-ის ცხიმოვანი მჟავებით აჯერებს. ასევე დახლებზე დევს ნანონაწილაკებიანი რძე, რომლის საშუალებითაც კალციუმის სწრაფი შეწოვაა შესაძლებელი, და მწვანე ჩაის ანტიოქსიდანტური ნანონაწილაკებისაგან შემდგარი სასმელები.

ზოგადად, საკვების ნანომომავალი კიდევ უფრო ბევრ სიურპრიზს სთავაზობს ადამიანს, რომელსაც საკუთარ სამზარეულოში საყვარელი პროდუქტის დაპროგრამება შეეძლება ისე, რომ მცენარე არ მოწყვიტოს და ცხოველი არ მოკლას.

ნანოსაკვების პიარტექნოლოგიები

იმის გამო, რომ ნანოსაკვების და ზოგადად ნანოტექნოლოგიების უსაფრთხოების შესახებ არც ისე ბევრი რამაა ცნობილი, სპეციალისტები სულ უფრო მეტ დროს „ნანოების“ პოპულარიზაციის მეთოდების ძიებას უთმობენ. ცხადია, ამ საქმეში სოციალური მედია, ონლაინ ვორკშოპები, Food Networking ანდა სამეცნიერო ნაშრომების პოპულარულ ენაზე „გადათარგმნა” მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ნანოებისთვის არატრადიციულ სივრცეში ადგილის დამკვიდრებაც. მაგალითად, მუზეუმებში.

რამდენიმე თვის წინ დანიის პირველ და უძველეს Teylers Museum-ში ნანოსუპერმარკეტი „გაიხსნა”. უფრო სწორად, მუზეუმს ახალი ფლიგელი მიემატა – ლორენცის ლაბორატორია. ადრე ის ჰენდრიკ ანტუნ ლორენცს ეკუთვნოდა, რომელმაც პიტერ ზიმანთან ერთად „ზიმანის ეფექტის” აღმოჩენისთვის ნობელის პრემია აიღო. სწორედ ამ მუზეუმში, სადაც რემბრანდტისა და რაფაელის,  მიქელანჯელოსა და ლორენის ორიგინალური ნამუშევარია გამოფენილი, გაიმართა ასეულზე მეტი სახის ნანოპროდუქტის პრეზენტაცია/დაგემოვნება, მათ შორის იყო Coating Cola (შეიძლება ითარგმნოს, როგორც „საფარიანი კოლა”), ნანოკამფეტები, ნანოღვინო და ნანოსუფები. რევიუებიდან ჩანს, რომ ფუტურისტულ შოკში არავინ ჩავარდნილა და მენიუს გამო არც დიდ უკმაყოფილებას ჰქონია ადგილი.
1

მთავარ ფოტოზე: ნანოსუფი. ფოტო: eatnano.eu

რუბრიკის მხარდამჭერია სამშენებლო კომპანია „ანაგი“.

http://anagi.ge/

რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების თემა და შინაარსი არ თანხმდება მხარდამჭერ ორგანიზაციასთან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი