ახალი ამბები

100 000 ლარი სამინისტროებში თანამდებობის პირების ცნობიერების ასამაღლებლად

1 ოქტომბერი, 2017 • 3138
100 000 ლარი სამინისტროებში თანამდებობის პირების ცნობიერების ასამაღლებლად

სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო სამინისტროებში დასაქმებულ თანამდებობის პირებს ტრენინგებს ჩაუტარებს, რისთვისაც 100 ათასი ლარის ფარგლებში სასტუმროს მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. მომსახურებაში შედის ტრენინგის მონაწილეთა სასტუმროში დაბინავება, საკონფერენციო/სატრენინგო/სამუშაო დარბაზით მომსახურება, კვებითი მომსახურება, ტრენინგის მონაწილეთა ტრანპორტირება. სასტუმრო უნდა მდებარეობდეს თბილისიდან არანაკლებ 50 და არაუმეტეს 150 კმ-მდე რადიუსში.

საუბარია ტრენინგზე, რომლის სახელწოდებაა – „ცნობიერების ამაღლება საჯარო სამსახურში დასაქმებული თანამშრომლებისთვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის სიახლეებსა და კორუფციის პრევენციის მექნიზმებზე“. ამ ტრენინგის ჩატარებას გეგმავს ბიურო ჩინოვნიკებისთვის ეტაპობრივად.

საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, დაფინანსების წყარო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიზნობრივი გრანტია. ტენდერის პირობების მიხედვით კი, ტრენინგებში მონაწილეთა სამიზნე ჯგუფს სამინისტროებში დასაქმებული თანამდებობის პირები წარმოადგენს. სულ 10 ტრენინგის ჩატარებაა დაგეგმილი. ტექნიკური დავალება იხილეთ ამ ბმულზე.

ტრენინგების ჩატარების დრო:

I ტრენინგი: 2017 წლის 01-02 ნოემბერი;
II ტრენინგი: 2017 წლის 03-04 ნოემბერი;
III-IV ტრენინგი: 2017 წლის 06-07 ნოემბერი;
V ტრენინგი: 2017 წლის 08-09 ნოემბერი;
VI-VII ტრენინგი: 2017 წლის 13-14 ნოემბერი;
VIII ტრენინგი: 2017 წლის 15-16 ნოემბერი;
IX-X ტრენინგი: 2017 წლის 20-21 ნოემბერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი