ახალი ამბები

წულუკიანის ინფორმაციით, სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატების სია მოიწონეს

29 სექტემბერი, 2017 • 1710
წულუკიანის ინფორმაციით, სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატების სია მოიწონეს

დღეს, 29 სექტემბერს,  იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ  საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები მოიწონეს

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე გასაუბრება დღეს გაიმართა, საქართველოდან წარდგენილმა სამივე კანდიდატმა გასაუბრების ეტაპი წარმატებით გადალახა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა, აცხადებს მინისტრი.

„სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის საკითხთან დაკავშირებით მედიისა და საზოგადოების ინტერესი იყო და არის ძალიან მაღალი. მე მინდა დღეს მოვუბრუნდე ამ თემას და მოგახსენოთ შემდეგი. გვქონდა მოლოდინი და, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, შემოდგომაზე ჩვენ მიერ წარდგენილ 3 კანდიდატს უნდა გასაუბრებოდა ასამბლეის კომიტეტი. დღეს გაიმართა გასაუბრებები. კომიტეტი გაესაუბრა საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატს – ლალი ფაფიაშვილს, ლადო ჭანტურიას და ოთარ სიჭინავას. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს სია, 3 კანდიდატისაგან შემდგარი, იქნა მოწონებული. მოწონების შედეგად ეს სია გადაეგზავნა უკვე შემდეგი ეტაპისთვის შესაბამის სტრუქტურებს. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ კონკურსის მეორე ეტაპი წარმატებით დაიხურა ამ სიისათვის და ჩვენ ოქტომბრის თვეში გასავლელი გვექნება კონკურსის მესამე ეტაპი. ვინაიდან დღეს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სამპირიანი სია შესაბამისმა კომიტეტმა მოიწონა გასაუბრებების შედეგად. მე მქონდა მოლოდინი, რომ გასაუბრებები შემოდგომაზე შედგებოდა, რადგან პირველ ეტაპს წარმატებით დავხურავდით. დღეს ეს მოლოდინი გამართლდა. რა თქმა უნდა, მაქვს მესამე ეტაპზეც წარმატების მოლოდინი. სამივე კანდიდატი არის ღირსეული, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მათ კომისიის ფარგლებში ქვეყნის დონეზე არ შევარჩევდით. ის, რომ მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა და მესამე ეტაპზე გადავედით, ნიშნავს იმას, რომ სიის მოწონებასთან ერთად, შესაბამისმა კომიტეტმა ჩათვალა, რომ ქვეყნის შიგნით ჩატარებული შესაბამისი პროცედურები და კონკურსი ასევე იყო მისთვის მისაღები“..–განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი