ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღეს თბილისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ჩამოდიან.

“თბილისში ხვალიდან იწყება მსოფლიოს ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ე.წ. ჰოლანდიის ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ჰოლანდიის, ბელგიის, ხორვატოიის, მონტენეგროს, სომხეთის ფინანსთა მინისტრები, უკრაინისა და სომხეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტები, მოლდოვას, რუმინეთის, კვიპროსისა და ისრაელის საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. შემაჯამებელი კონფერენცია 1 ივნისს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართება და 2 დღე გაგრძელდება. ეს ძალიან საინტერესო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა. გარდა ამისა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანას პოპულარიზაცია გავუკეთოთ”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, 15-დან 17 ივნისამდე თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ჩამოვა.
ფინანსთა მინისტრი იმედოვენბს, რომ ასეთი წარმომადგენლობითი დელგაციების ვიზიტის შემდეგ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გაიზრდება. მინისტრი არ ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ინვესტიციების ნაკადი დაბალია და ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში არიან.
“მოლოდინის რეჟიმი დასრულებულია, ამას ადასტურებს აპრილის მონაცემები. აპრილში დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელი კომპანიების ბრუნვა 2012 წლის აპრილთან შედარებით 4 პროცენტითაა გაზრდილი. მაისი ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში არიან, მთლად გამართლებული არ არის, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალიან მალე უკვე ოფიციალურად გაჟღერდება ე.წ. თანადაფინანსების ფონდის არსებობის შესახებ, რომელშიც არაერთი მილიარდი დოლარი იქნება მობილიზებული. ვფიქრობ, ეს ინვესტორებისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება”, – განაცხადა ხადურმა.








