ახალი ამბები

ქაცარავა: სოციალურად დაუცველთა მონაცემების გადამოწმებაში შსს ჩაერთვება

30 მაისი, 2013 • 1076
ქაცარავა: სოციალურად დაუცველთა მონაცემების გადამოწმებაში შსს ჩაერთვება

ქაცარავას თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ბინით დაკმაყოფილებას ის ადამიანები ითხოვენ, რომელთაც ამის საჭიროება არ გააჩნიათ, ამიტომ იმ 24 ოჯახის მონაცემებს, ვინც უკვე აშენებულ ბინებში უნდა შესახლდეს, მერია შსს–ს გადაუგზავნის და თითოეული ადამიანის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას სთხოვს.

 

რაც შეეხება აქციას, რომელსაც ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით სოციალურად დაუცველები მერიის შენობასთან მართავენ, ქაცარავა აცხადებს, რომ მსგავსი ქმედება მერიის მხრიდან წახალისებული არ იქნება:

 

“ქვეყანაში საბინაო პოლიტიკის განვითარება ახლა იდგამს ფეხს და ჩვენი მიზანია დამკვიდრდეს გარკვეული კრიტერიუმები, რომლის გარეშეც ეს პოლიტიკა ვერ განვითარდება. ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმები უნდა იყოს გამჭვირვალე და ამაზე გუშინ საკრებულოშიც იყო მსჯელობა. ხოლო ამ ტიპის აქციები და შეჭრები ჩვენგან წახალისებული ვერ იქნება”, – განაცხადა მამუკა ქაცარავამ.

 

მისივე თქმით, შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს მიერ შედგენილ კრიტერიუმებს ამ დროისთვის 300 ბენეფიციარი აკმაყოფილებს, ხოლო სპეციალური  კომისია 300–დან 24 ოჯახს აარჩევს:

 

“კომისიაში იქნებიან, რა თქმა უნდა, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, საკრებულოს ყველა ფრაქციის წევრები, ჯანდაცვისა და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები, შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო, გაეროს განვითარების ფონდი, ასევე, შესაძლოა დამკვირვებლების სახით შევიდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლები”

ბენეფიციართა შერჩევის კომისიის ჩამოყალიბება დაახლოებით ერთ კვირაში იგეგმება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი