ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა

29 სექტემბერი, 2017 • 2048
ალეკო ელისაშვილმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა

თბილისის მერობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა საკრებულოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ელისაშვილმა დაგმო სხდომათა დარბაზში მომხდარი არეულობა და მოუწოდა საკრებულოს წევრებს, ამ სხდომაზე არ განეხილათ  სოლოლაკის ქედზე მიწის ნაკვეთისთვის ლანდშაფტურ-რეკრეაციული სტუტუსის შეცვლისა და პუშკინის სკვერში მიწისქვეშა პარკირების გაშენების საკითხები, ვინაიდან მსგავსი გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის იერსახისთვის.

“უპირველეს ყოვლისა, დაუშვებელია ძალადობა, ასეთი რამ დაუშვებელია კატეგორიულად. ამ დარბაზში მსგავსი არ უნდა ხდებოდეს სხდომებზე. ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, მით უფრო, საჯარო სივრცეში.

ასევე ძალიან მიუღებელია ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, ერთი მხრივ, პუშკინის სკვერში პარკინგის აშენების გადაწყვეტილების საკითხის ასე ნაჩქარევად გამოტანა. ნაჩქარევია ეს საკითხი იმიტომ, რომ გავარკვიეთ და დავაზუსტეთ, რომ არავითარი გეოლოგიური კველვა არ არის აქ ჩატარებული. ხოლო მეორე საკითხი, ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონისთვის, 5000 კვ. მეტრისთვის, სტატუსი მოხსნა არის აღმაშფოთებელი. მე, როგორც ერთ-ერთ დეპუტატს, არ მაქვს უფლება , რომ ამ დარბაზში ვიყო და მე პროტესტის ნიშნად ამ დარბაზს ვტოვებ.   მოგიწოდებთ, რომ ეს საკითხები არ განიხილოთ ამ სხდომაზე, ვინაიდან ქალაქისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,” – განაცხადა ელისაშვილმა.

საკრებულოს სხდომას, რომელიც ხმაურისა და არეულობის ფონზე მიმდინარეობდა,  ესწრებოდნენ მერობის სხვა კანდიდატებიც – ზაალ უდუმაშვილი და ელენე ხოშტარია, რომლებსაც ძალის გამოყენებით დაატოვებინეს დარბაზი.

სოლოლაკის ქედზე მიწის ნაკვეთის სტატუსის შეცვლას მოითხოვა კომპანია “თაბორი რიზორთსმა”. ამავე კომპანიამ მოითხოვა პუშკინის სკვერსა და  ხელოვნების მუზეუმს შორის მდებარე 1900 კვ.-ზე მიწისქვეშა პარკირების გაშენების უფლებაც. ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი