ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორში სახელმძღვანელოების არქონის გამო დაწყებით კლასებში სწავლას ვერ იწყებენ

29 სექტემბერი, 2017 • 4600
ახალგორში სახელმძღვანელოების არქონის გამო დაწყებით კლასებში სწავლას ვერ იწყებენ

ახალგორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, ახალგორის რაიონის სკოლების დაწყებით კლასებში სახელმძღვანელოების არქონის გამო სწავლა არ დაწყებულა.

“იმის გამო, რომ სწავლება დაწყებით კლასებში გადავიდა რუსულ ენაზე, ხოლო შესაბამისი სახელმძღვანელოები ჯერ არ არის, ახალგორის რაიონის სკოლების დაწყებით კლასებში სწავლება არ მიმდინარეობს. ბავშვები და პედაგოგები ჩვეულებრივად დადიან გაკვეთილებზე, თუმცა სასწავლო წიგნები არ აქვთ” – ამბობს ნუგზარ თინიკაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.

მისივე განმარტებით, ინფორმაციას სახელმძღვანელოების არქონის შესახებ თავად პედაგოგებისგან ფლობს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლქვეშ გადასული ახალგორის რაიონის ექვსი ქართული სკოლა და ბაგა-ბაღები სწავლების რუსულ ენაზე გადავიდნენ. ამ ეტაპზე სწავლა რუსული ენით პირველიდან მე-4 კლასის ჩათვლით სრულად ჩანაცვლდა [ქართულ ენას ერთ-ერთი საგნის სტატუსი დარჩება], დანარჩენ კლასებში რუსულ ენაზე სწავლება ეტაპობრივად მოხდება.

ახალგორის სკოლებში სწავლების რუსულ ენაზე გადასვლა ქართულმა მხარემ დაგმო და ქართული მოსახლეობის ერთნიკური ნიშნით დისკრიმინაციად შეაფასა. ახალგორის სკოლებში სწავლების საკითხი IPRM-ის ფარგლებში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთვარი თემა იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი