ახალი ამბები

დეკანოზი მამალაძე ციხეში პროტესტის ნიშნად საკვებს და მედიკამენტებს არ იღებს – რამიშვილი

28 სექტემბერი, 2017 • 2254
დეკანოზი მამალაძე ციხეში პროტესტის ნიშნად საკვებს და მედიკამენტებს არ იღებს – რამიშვილი

მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძე პროტესტის ნიშნად მედიკამენტებსა და საკვებს არ იღებს. ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზს ციხიდან შვილისთვის დაბადების დღის მილოცვა სურდა, თუმცა სატელეფონო ზარი დაუხშეს.

“შიმშილობას ნუ დავარქმევთ. მან უარი თქვა საკვებისა და მედიკამენტის მიღებაზე. დღეს მისი შვილის დაბადების დღე იყო და უნდა ჰქონოდა დარეკვის საშუალება. როცა დარეკა, დახშული ხმები გამოდიოდა. ეს შეატყობინა ციხის ადამინისტრაციას, რაზეც უთხრეს – ეტყობა, სადაც რეკავ, იქ ტელეფონი არ იჭერსო. ოთხ ნომერზე დარეკა და ოთხივეზე აბსოლუტურად იდენტურად დახშული ხმებით ისმოდა. შეგნებულად დაუხშეს, რომ არ დალაპარაკებოდა ახლობლებს,” – განუცხადა ნეტგაზეთს დეკანოზის ადვოკატმა.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ეს არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება ადამიანზე. ადვოკატის თქმით, მასთანაც ძლივს მოასწრო თქმა, რომ შესულიყო ციხეში სანახავად:

“მანდაც დახშული, უცნაური და აბსოლუტურად გაურკვეველი ხმები ისმოდა. შესაბამისად, ამის საფუძველზე უარი თქვა საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე.”

როგორც ადვოკატი ამბობს, ციხის ადმინისტრაციამ ამის შემდეგ ოქმები შეიტანა დეკანოზთან, სადაც მითითებული იყო, რომ მან უარი თქვა საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე, თუმცა იმის საფუძველი, რომ სატელეფონო ზარები შეეზღუდა, არ მიუთითეს.

“მოვითხოვეთ ოქმების შეცვლა. წავიდნენ, ეს ოქმები გაატარეს კანცელარიაში და მიაწერეს, რომ ოქმზე ხელი არ მოაწერაო, თორემ მიზეზი არ აღნიშნეს. შესაბამისად, განცხადებაც დავწერეთ და სახალხო დამცველის წარმომადგენელიც იყო მოსული, რომელსაც მამა გიორგიმ მოახსენა ინფორმაცია თავისი მდგომარეობის შესახებ,” – ამბობს რამიშვილი.

გარდა ამისა, როგორც რამიშვილი აცხადებს, გიორგი მამალაძე ამბობს, რომ მის საკანში დგას საშინელი კანალიზაციის სუნი და ითხოვს პირობების გაუმჯობესებას:

“მარტო სატელეფონო ზარების დახშობაზე არ არის საუბარი. პატიმარი არ არის მონა და ვიღაცის ხუშტურებზე არ უნდა იმყოფებოდეს. მაგალითად, მის საკანში არის ძალიან ცუდი სუნი, რომელიც ამოდის კანალიზაციიდან. ამაზე რომ ჩივის, ეუბნებიან – გავაკეთებთ, გავაკეთებთ… ასევე საკვებთან დაკავშირებით აქვს პრეტენზია, რომელიც უცნაურად დაშტამპული შეაქვთ მაღაზიაში. გარკვეულ შეზღუდვაშია ადამიანი, რომელსაც ისედაც უკანონოდ აქვს შეზღუდული თავისუფლება და არის უსამართლოდ მსჯავრდებული. პატიმრებსაც თავისი უფლებები გააჩნიათ… მართლა ფაშისტური გერმანიის ბანაკში ხომ არ უნდა იცხოვროს ადამიანმა, როგორ შეიძლება ასეთი რაღაც?!”

მიხეილ რამიშვილის თქმით, სავარაუდოდ, დეკანოზი გიორგი მამალაძის პროტესტის ეს ფორმა გაგრძელდება მანამ, სანამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ამ ფაქტებზე სათანადო რეაგირებას არ მოახდენს.

ნეტგაზეთი საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს ტექნიკური ხარვეზი სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც სამინისტრო აღნიშნავს, ეს პრობელმა დღეს არა მხოლოდ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, არამედ ყველა პატიმარს ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი