ზემოხსენებული კვლევის თანახმად, რომლის შესახებაც ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” ავრცელებს, საქართველო განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით იმ ქვეყნებს შორის, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, ერთ–ერთი ყველაზე არატოლერანტულია და შესაბამისი თანმიმდევრობით შედგენილ რეიტინგში ბოლოდან მე–3 ადგილს იკავებს. ტოლერანტობის თვალსაზრისით საქართველოზე უკეთესი მაჩვენებლები აქვთ თურქეთს, სერბეთს, იორდანიას, რუსეთს, უკრაინას, ჩინეთს, მალის, ეთიოპიას და სხვა. როგორც ირკვევა, ზემოხსენებული თვალსაზრისით შედგენილ რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ირანი და იორდანია ჩამორჩებიან. ირანში გამოკითხულთა 93 პროცენტს ჰომოსექსუალ მეზობელთან ერთად ცხოვრება არ სურს, ხოლო იორდანიაში – გამოკითხულთა 95,1 პროცენტს.
“ტელეგრაფის” ინფორმაციით, სექსუალური უმცირესობების მიმართ დასავლეთ ევროპაში ყველაზე ნაკლები ტოლერანტულობით საფრანგეთი გამოირჩევა, სადაც გამოკითხულთა 28,8 პროცენტს არ უნდა განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანთან მეზობლად ცხოვრება, ბრიტანეთში აღნიშნული სუვრილი 16,8 პროცენტს არ აქვს, ესპანეთში – 7,4 პროცენტს, შვედეთში – 3,6 პროცენტს, ნორვეგიაში – 5,7 პროცენტს, ხოლო იტალიაში – 23, 6 პროცენტს. როგორც ცნობილია, საფრანგეთში ერთსქესიანთ ქორწინების დაკანონება ცოტა ხნის წინ პარიზში ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა.
რაც შეეხება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინეტებს, ყველაზე ტოლერანტულ ქვეყანად არგენტინა სახელდება, სადაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანთან მეზობლად ცხოვრების სურვილი, მხოლოდ გამოკითხულთა 6,4 პროცენტს არ აქვს, მეორე ადგილზე კანდაა (14 პროცენტი), მესამეზე – ურუგვაი (16,3%) შემდეგ – ბრაზილია (21,8 პროცენტი), აშშ (25,1 პროცენტი) და მექსიკა (29,9 პროცენტი). ბოლო ადგილზე კოლომბია გავიდა, სადაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანთან მეზობლობა გამოკითხულთა 45,9 პროცენტმა არ მოინდომა.
სტატიის მიხედვით, ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ არსებობს გარკვეული სახის კორელაცია ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებებსა და ტოლერანტობის ხარისხს შორის. “ქვეყნებს უფრო მეტი ეკონომიკური თავისუფლებით, შემწყნარებლობის უფრო მაღალი ხარისხი გააჩნიათ”.