ახალი ამბები

გვირაბის რეაბილიტაციის გამო სტეფანწმინდაში ტრავერტინები დაზიანდა

29 მაისი, 2013 •
გვირაბის რეაბილიტაციის გამო სტეფანწმინდაში ტრავერტინები დაზიანდა

როგორც “ნეტგაზეთს” არასამთავრობო ორგანიზაცია “სტეფანწმინდა”–ს წარმომადგენელმა შოთა ბუჩუკურმა განუცხადა, მჟავე წყლებთან გზის გაყვანა

დაზიანებული ტრავერტინები კობი–გუდაურის გზაზე/ფოტო: შოთა ბუჩუკური
დაზიანებული ტრავერტინები კობი–გუდაურის გზაზე/ფოტო: შოთა ბუჩუკური

მშენებლებმა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს, დღეისათვის კი მნიშნელოვანი ტერიტორიაა დაზიანებული. ფოტოები, რომელიც შოთა ბუჩუკურმა “ფეისბუქში” გამოაქვეყნა, რამდენიმე დღის წინაა გადაღებული. როგორც თავად ამბობს, დაზიანების მასშტაბები მას შემდეგ გაიზარდა.

 

რა აუცილებლობით იყო გამოწვეული ტრავერტინებთან გზის გაყვანა და მისი დაზიანება? ამ კითხვით სავტომობილო გზების დეპარტამენტს მივმართეთ, სადაც განგვიცხადს:

 

“მიმდინარეობს გზის ერთიანი რეაბილიტაცია, რომელში ასევე გულისხმობს 3 გვირაბის რეაბილიტაციას. ერთ–ერთი გვირაბი ძალიან ახლოს არის მჟავე წყლების მთასთან. ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწიენბულია ამ გვირაბების გაბარიტების გაზრდა. წლების განმავლობაში პრობლემა იყო, რომ გვირაბები ვერ ატარებდა მაღალ ტრანსპორტს. საერთაშორისო სტანდარტებით მიღებულია, რომ გვირაბის სიმაღლე უნდა იყოს 5 მეტრი, ეს გვირაბები კი 3.5 მეტრზე მაღალი არ არის. ერთი გვირაბი ატარებდა ოთხ მეტრს, სხვები კი ვეღარ. ახლა კეთდება ისე, რომ მინიმუმ 4.5 მეტრის სიმაღლის ტრანსპორტი გაატაროს ამ გვირაბებმა. გვირაბის სიმაღლის გაზრდა ხდება ქვედა ნაწილის ხარჯზე. ქვედა ნაწილიდან ხდება მასის აღება და გვირაბის გაღრმავება. ამ სამუშაოების დროს აღმოჩნდა, რომ ერთი გვირაბის ქვეშ გადის კოლექტორი, მილები, რომელიც ხელს უშლიდა გაღრამვების სამუშაოებს. გაყვნენ ამ კოლექტორის კვალს და მისი სათავე აღმოჩნდა ამ მჟავე წყლებთან. აღნიშნული კოლექტორის გადაადგილების გარეშე გვირაბის გაბარიტების გაზრდის სამუშაოები ვერ გაგრძელდებოდა. რამდენადაც ეს დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია, ეს კოლექტორი აუცილებლად იყო გადასაადგილებელი. ეს მილები, რომლებიც ატარებენ გრუნტის წყლებს, ისე უნდა გადაადგილდეს, რომ არ შეუშალოს ხელი გვირაბის გაღრმავებას”.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გასულ საუკუნეში აგებული კოლექტორის სათავე ნაგებობა სწორედ ამ მჟავე წყლების მთასთან მდებარეობს. მისივე თქმით, რადგან სათავე ნაპოვნია, მას ამოიღებენ, მთის დაზიანების მასშტაბი კი არ გაიზრდება.

 

კობი–გუდაურის გზის რეაბილიტაციის პროექტი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომელიც 2013 წლის ბოლომე უნდა დასრულდეს. საგზაო სამუშაოებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს, ხოლო გვირაბების რეაბილიტაციაზე მუშაობს შპს “მამისონი”.

 

ტრავერნიტების დაზიანებას უკვე გამოეხმაურა გარემოს დაცვის სამინისტრო.

 

“აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და მისი ტერიტორიული ორგანოს აღმოსავლეთ ცენტრალური სამსახურის თანამშრომლები 

უკვე მიემგზავრებიან ადგილზე სიტუაციის შესწავლის და სათანადო რეაგირების გატარების მიზნით”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ დღეს, 29 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

დაზიანებული ტრავერტინები კობი–გუდაურის გზაზე/ფოტო: შოთა ბუჩუკური
დაზიანებული ტრავერტინები კობი–გუდაურის გზაზე/ფოტო: შოთა ბუჩუკური

 

მასალების გადაბეჭდვის წესი