ნეტგაზეთი | პარტიულ დროშებთან ბავშვების ფოტოს გამო მასწავლებელი შესაძლოა 1000 ლარით დაჯარიმდეს პარტიულ დროშებთან ბავშვების ფოტოს გამო მასწავლებელი შესაძლოა 1000 ლარით დაჯარიმდეს – Netgazeti

პარტიულ დროშებთან ბავშვების ფოტოს გამო მასწავლებელი შესაძლოა 1000 ლარით დაჯარიმდეს

ცესკოს ცნობით, შუახევის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებლის, მარინა დარჩიძის მიმართ  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი შედგა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ მასწავლებელმა ბავეშვებს “ქართული ოცნების” დროშებთან გადაუღო ფოტო და “ფეისბუკზე”  გამოაქვეყნა.

“მარინა დარჩიძემ სკოლაში მოსწავლეებთან ერთად გადაიღო ფოტოსურათი, რა დროსაც საკლასო მერხებზე განთავსებული იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული დროშები. აღნიშნული ფოტო მარინა დარჩიძემ ფეისბუქზე განათავსა. აღნიშნულთან დაკავშირებით შუახევის საოლქო კომისიას განცხადებით ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მიმართა, რის შემდეგაც შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოკვლევა განახორციელა,”- ვკითხულობთ ცესკოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.


ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ ასევე შეადგინა ადმინისტრაციული ოქმი, სადაც კვლავ “ქართული ოცნების” პარტიული დროშები ფიგურირებს. ოქმი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლის, თამარ დიასამიძის მიმართ შედგა.

“ოქმის შედგენის მიზეზი გახდა თამარ დიასამიძის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერების კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის ატვირთვა, სადაც ფიქსირდებოდა პარტიული ლოგო, დროშა და სხვა სიმბოლიკა. აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოს განცხადებით  მიმართა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, რის შემდეგაც ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოკვლევა განახორციელა,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.


ასპინძის გამგებლის, ლევან ცაბაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი წინასაარჩევნოდ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენების მიზეზით შედგა. ეს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას წარმოადგენს.

“აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოს განცხადებით მიმართა ორგანიზაცია „მრავალეროვანმა საქართველომ“, რის შემდეგაც ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოკვლევა განახორციელა. მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა,”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი