ახალი ამბები

იმსახურებთ, რომ ამ ფარსში იყოთ მარტო – საპარლამენტო უმცირესობამ სხდომა დატოვა

26 სექტემბერი, 2017 • 2904
იმსახურებთ, რომ ამ ფარსში იყოთ მარტო – საპარლამენტო უმცირესობამ სხდომა დატოვა

საპარლამანტო უმცირესობამ პარლამენტის სხდომა დატოვა “თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს საქართველოს ისტორიაში და იმსახურებთ, რომ ამ ფარსში იყოთ მარტო”,- განაცხადა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ სიტყვით გამოსვლისას.

უმცირესობის წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობამ ტაშით და სტვენით გააცილა დარბაზიდან. დღეს საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბა, რათა მესამე მოსმენით დაამტკიცოს კონსტიტუციის პროექტი. კონსტიტუციის შესაცვლელად მინიმუმ 113 ხმაა საჭირო, თუმცა მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და დოკუმენტის მისაღებად ოპოზიციური ხმები არ სჭირდება.

კონსტიტუციის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა.  ბუკიკიოს მოწოდების მიუხედვად დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა. ამ მიზნით სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრაც კი ჩაიშალა, რომელსაც ორგანიზებას ვენეციის კომისია უწევდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მესამე მოსმენისას შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში შეუძლებელია. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დავის მთავარ საგანს საარჩევნო სისტემა წარმოადგენდა. ახალი კონსტიტუციით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ქვეყანა 2024 წელს გადავა. 2020 წელს კი არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. ოპოზიცია ითხოვდა, რომ 2020 წლიდან ჩატარებულიყო არჩევნები პროპორციული სისტემით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე  სხდომა 26 სექტემბერს დანიშნა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარი თქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი