ახალი ამბები

საია: “თბილსერვის ჯგუფი გეგმავს,” სამი მილიონი ლარის დეკორციები ტენდერის გარეშე შეისყიდოს

25 სექტემბერი, 2017 • 2427
საია: “თბილსერვის ჯგუფი გეგმავს,” სამი მილიონი ლარის დეკორციები ტენდერის გარეშე შეისყიდოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, 22 სექტემბერ, შპს „თბილისერვის ჯგუფმა“  წერილობით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სამი მილიონი ლარის ფარგლებში საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების გამარტივებული შესყიდვის თაობაზე, რის მიზეზადაც სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარება მიუთითა.

საია აცხადებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ და საქართველოს მთავრობამ “თბილისერვის ჯგუფს“ არ უნდა მისცეს გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა და უნდა შეწყდეს არსებული პრაქტიკა, როდესაც ორგანიზაციები გამარტივებულ შესყიდვებს ახორციელებენ ისეთი ღონისძიებებისთვის, რომელთა თარიღები დიდი ხნით ადრე არის ცნობილი. ორგანიზაცია მათ მოუწოდებს, რომ ტენდერი ელექტრონული წესით ჩაატარონ:

“სახელმწიფო შესყიდვების ნორმალური დაგეგმვისა და კვალიფიციური სატენდერო დოკუმენტაციის პირობებში, ასეთი შესყიდვების ელექტრონულად განხორციელება შესაძლებლობას იძლევა, შეიქმნას კონკურენტული გარემო, დაიზოგოს საბიუჯეტო სახსრები და შემცირდეს კორუფციული რისკები. შესაბამისად, ასეთ დროს მინიმუმადე მცირდება ალბათობა, რომ მიმწოდებელ კომპანიად რომელიმე ფავორიტი კომპანია იქნეს შერჩეული,”- აცხადებს საია.

საია ასევე ამბობს, რომ ამ ტენდერის გამრტივებულად ჩატარება არღვევს კანონის მოთხოვნებს და არსებობს რისკი, რომ შესყიდვა დროულად ვერ განხორციელდეს:

“- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის ვალდებულებას. ასევე, სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას. “თბილისერვის ჯგუფისათვის“ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე თანხმობის გაცემით კი დაირღვევა კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები;

– „თბილისერვის ჯგუფის“ ა.წ. 22 სექტემბრის კორესპონდნეციიდან არ ირკვევა, თუ რატომ დასჭირდა შპს-ს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის განხორცილება და არა ელექტრონული ტენდერი მაშინ, როდესაც თბილისში, 2017-2018 წლების საახალწლო ღონისძიებებისა და დედაქალაქის ილუმინაციებითა და აქსესუარებით მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების კომისია ჯერ კიდევ 2017 წლის 16 ივნისს შეიქმნა;

– ოფიციალური ინფორმაციით, კომპანიამ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე განცხადებით სააგენტოს ა.წ. 22 სექტემბერს მიმართა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სააგენტომ გადაწყვეტილება არაუგვიანეს ა.წ. 27 სექტემბერს უნდა მიიღოს. სააგენტოს მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საჭიროა ასევე თანხმობის მიღება საქართველოს მთავრობიდან. კომპანიისათვის ამ ეტაპზე უცნობი უნდა იყოს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააგენტო, ისევე, როგორც მთავრობა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესყიდვაზე თანხმობების გაცემის შემთხვევაშიც კი, ეს პროცესი შესაძლოა შეუფერხებლად და შეზღუდულ ვადებში ვერ განხორციელდეს, როგორც აღნიშნულის შესახებ კომპანია მიუთითებს,”- აცხადებს საია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი