ახალი ამბები

“ძალა სტუდენტებშია!” – რას ითხოვენ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები?

25 სექტემბერი, 2017 • 4527
“ძალა სტუდენტებშია!” – რას ითხოვენ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები?

ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.  სტუდენტებმა გიგა ზედანიას მოსთხოვეს ბიზნესის სკოლის გათავისუფლებული ლექტორების სამუშაო ადგილებზე აღდგენა და ხელშეკრულებების გაუგრძელებლობის მიზეზებთან დაკავშირებით განმარტებები მოისმინეს.

„გიგა ზედანიამ დაგვისახელა არგუმენტები, რომლებითაც საკუთარ თავთან მოდიოდა წინააღმდეგობაში. ყველაფერ ამის შემდეგ ცხადია, რომ ისინი ვერ ასაბუთებენ თავიანთ გადაწყვეტილებას. ახალი სტანდარტი სხვაგვარად გვესმის სტუდენტებს, იურისტებსა და სხვებს და სხვაგვარად ესმის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. მეორე მხრივ, როცა რექტორი ამბობს, რომ მოცემული ნორმა უნივერსიტეტის შიდაგანაწესშიც წერია, გამოდის, წლების განმავლობაში, ადმინისტრაცია თავის თავს ეწინააღმდეგებოდა“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თენგიზ კალანდაძემ „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

შეხვედრას წინ უძღოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის შენობასთან საპროტესტო აქცია, ლოზუნგით –  “ძალა სტუდენტებშია!”, სადაც სტუდენტებმა სკოლის ლექტორების თანამდებობებიდან გათავისუფლება გააპროტესტეს და დეკან ნინო პატარაიას გადადგომა მოითხოვეს. მათი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება ათეულობით ლექტორთან გაუფრთხილებლად და დაუსაბუთებლად გაწყვიტა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, გარდა ადმინისტრაციის გადაწყვეტილების უსაფუძვლობისა, საგულისხმოა ისიც, რომ შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე განვითარებული მოვლენები სასწავლო პროცესზე უარყოფითად აისახა.

აქცია

სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტია, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაამტკიცა. ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გათავისუფლებული ლექტორები სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდნენ. ადმინისტრაციის თქმით, „შემოდგომის სემესტრში შრომითი ხელშეკრულებები არ განუახლდათ იმ მოწვეულ ლექტორებს, რომლებიც წინა წლებში ბიზნესის სკოლაში ძირითად საგნებს ასწავლიდნენ, ცოტა ხნის წინ კი სხვადასხვა კერძო უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები გახდნენ“.

ადმინისტრაციის განცხადებაზე სტუდენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კანონმდებლობით მანიპულირებაა, ვინაიდან, მათი თქმით, სტანდარტში არსად არის ნორმა, რომელიც გამორიცხავს, რომ კონკრეტულ უნივერსიტეტში პროფესორის სტატუსის მქონე პირი იყოს მიწვეული ლექტორი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

„რექტორი ამბობს იმას, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტი მოიაზრებს იმას, რომ თუ ლექტორი ასოცირებულია სხვა უმაღლეს სასწავლებელთან, მას არ აქვს უფლება, იყოს მოწვეული ლექტორი სხვა უნივერსიტეტში. თუმცა ავტორიზაციის ახალ სტანდარტში ეს საერთოდ არ წერია.
ესეც რომ არ იყოს, გათავისუფლებული ლექტორებისთვის საერთოდ არ უკითხვათ, რომელ უნივერსიტეტში სურდათ დარჩენა. არადა, მათ შორის არაერთმა, ლექტორობამდე ყველა აკადემიური საფეხური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა. მათ არ იცოდნენ, რომ თუ ისინი სხვა უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორები გახდებოდნენ, აღარ ექნებოდათ სწავლების გაგრძელების უფლება აქ“, – აღნიშნა გოგა ქუცნაიშვილმა, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას დღეს სხვებთან ერთად აპროტესტებდა.

შეხვედრა

საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას. მისი თქმით, ახალი სტანდარტი ადმინისტრაციის გადაწყვეტილების ერთ-ერთი წინაპირობა მართლაც იყო. თუმცა, რექტორის განცხადებით, თავად უნივერსიტეტისთვისაც მნიშვნელოვანია, ძირითადი საგნები იმ ლექტორებმა ასწავლონ, რომლებიც მხოლოდ ილიას უნივერსიტეტთან იქნებიან აფილირებულნი.

„ჩვენი მოწვეული ლექტორები გახდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები, რის გამოც უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, მათ მაგივრად სხვა მოწვეული ლექტორები ჩაერთო სასწავლო პროცესში. დღეს ბიზნესფაკულტეტზე გამოცხადებულია 15-მდე კონკურსი აკადემიურ თანამდებობაზე, სადაც ყველა ადამიანს, მათ შორის ხელშეკრულებაშეწყვეტილ ლექტორებსაც აქვთ საშუალება, შემოიტანონ განაცხადი და წარმატების შემთხვევაში განაგრძონ მუშაობა. ოღონდ ამისათვის ისინი აფილირებულნი უნდა იყვნენ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და არც ერთ სხვასთან“.

რაც შეეხება სტუდენტების არგუმენტს, რომ ახალი სტანდარტი არ კრძალავს თანამშრომლობას ერთდროულად რამდენიმე უნივერსიტეტთან, ზედანია ამბობს, რომ კანონი კონკრეტული დაწესებულების აკადემიური პერსონალის ნათლად დაფიქსირებას ითხოვს. მისი თქმით, რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობა აკადემიური თანამდებობის პირის მუშაობის ხარისხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„ძალიან რთულია, ადამიანი, რომელიც სამ და ოთხ უნივერსიტეტში ასწავლის, ჩართული იყოს ყველა აკადემიურ პროცესში, თუ ერთ ინსტიტუციას არ მიუძღვნის დროის ძირითად ნაწილს. ასე რომ, ჩვენ ვეთანხმებით ამ რეგულაციას და უნივერსიტეტის იდენტობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ძირითად საგნებს უნდა კითხულობდნენ მხოლოდ ჩვენი პროფესორები“.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ გააფრთხილეს ლექტორები ხელშეკრულების გაწყვეტამდე გარკვეული ხნით ადრე, ზედანიამ თქვა, რომ „არც ამ ადამიანებს გაუფრთხილებიათ ბიზნესის ფაკულტეტი, როცა სხვა უნივერსიტეტის პროფესორები ხდებოდნენ“.

შეხვედრაზე სტუდენტებმა რექტორს აკადემიური პერსონალის იმ წარმომადგენლებთან დაკავშირებითაც ჰკითხეს, რომლებსაც სხვა უნივერსიტეტში პროფესორის ხარისხი არ მიუღიათ, თუმცა ხელშეკრულებები მაინც შეუწყდათ. ზედანიას თქმით, „ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად არ იცნობს, თუმცა აუცილებლად შეისწავლის“.

სტუდენტების პრეტენზიებთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” ფინანსური მიმართულების დეკანს, ნინო პატარაისაც ესაუბრა. მისი თქმით, უნივერსიტეტმა ლექტორები არათუ გაათავისუფლა, არამედ ახალი ხელშეკრულებები არ გაუფორმა, რაც მოწვეული ლექტორის სტატუსის მქონე პირის შემთხვევაში, ნორმალურია.

“სამწუხაროდ, ხშირად, სტუდენტები აკადემიურ პერსონალსა და მოწვეულ ლექტორებს ვერ ანსხვავებენ.მოწვეული ლექტორები მხოლოდ და მხოლოდ სემესტრულად, გარკვეული საათებით არიან მოწვეულნი, როგორც დამხმარე პერსონალი, სასემინარო ნაწილში. გარანტია იმისა, რომ მუდმივად მოხდება მათთან ხელახალი ხელშეკრულების გაფორმება, არ არსებობს. ავტორიზაციის სტანდარტში ძალიან მკაფიოდ არის მითითებული, რომ აკადემიური საქმიანობა უნდა განახორციელოს ძირითადმა პერსონალმა, ანუ უნივერსიტეტის პროფესორებმა. თუ საჭირო იქნება, მოწვეული ლექტორები და მკვლევარები უნდა ჩაერთონ პროცესში. ჩვენ ჩართული ვართ ავტორიზაციის პროცესში და უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამოწვევაა, რომ ჩვენივე აკადემიური პერსონალი გავაძლიეროთ”, – ამბობს პატარაია.

დეკანის თქმით, შესაძლოა, კანონი სხვა უნივერსიტეტში პროფესორის სტატუსის მქონე პირის ლექტორად მოწვევას არ კრძალავდეს, თუმცა მოწვეულ ლექტორთა წილის შემცირება უნივერსიტეტის პრიორიტეტია. პატარაია აღნიშნავს, რომ “ნებისმიერი შეფასებისას, მუდმივად იყო იმაზე აქცენტი, რომ პროგრამა ვერ იქნება მდგრადი, თუ ის ხორციელდება დიდი რაოდენობით მოწვეული პერსონალის მიერ”.

“ნეტგაზეთი” განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსაც დაუკავშირდა. ცენტრში ამბობენ, რომ აფილირების წესს თავად საგანმანათლებლო დაწესებულებები არეგულირებენ:

“ავტორიზაციის სტანდარტი არ კრძალავს ერთი პირის მიერ (აკადემიური ან მოწვეული პერსონალის სტატუსით) სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლებას, ხოლო  აფილირების წესსა და პირობებს განსაზღვრავენ თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ავტორიზაციის სტანდარტის თანახმად, დაწესებულებაში უნდა არსებობდეს აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის ის  რაოდენობა (მათი დატვირთვის გათვალისწინებით), რაც უზრუნველყოფს  საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, კვლევითი და სხვა მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას”.

დღევანდელი აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში უფრო რადიკალურ სახესაც მიიღებს. დღის ბოლოს მათ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყეს, რომელსაც საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობენ. დღევანდელ აქციაში თავად დათხოვნილი ლექტორები არ მონაწილეობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი