ახალი ამბები

ვენეციის კომისია: პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადება ძალიან სამწუხაროა

22 სექტემბერი, 2017 • 2002
ვენეციის კომისია: პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადება ძალიან სამწუხაროა

ვენეციის კომისიამ საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადავადება ძალიან სამწუხარო ფაქტია:

“პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადავადება 2024 წლისთვის უდავოდ ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს ცვლილება საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი ასპექტია და მთავარი საკითხი იყო კონსენსუსის მიღწევის დროსაც”,- ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2017 წლის 20 სექტემბრის შეთავაზება, რომელიც არჩვნებში ბლოკების მონაწილეობას და 3%-იან საარჩევნო ბარიერს ითვალისინებს, არის ის ფაქტორები, რომლებიც გარკვეულწილად ამსუბუქებს იმ ნეგატიურ ეფექტს, რაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადებას ახლავს თან.

კონსტიტუციის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა.  ბუკიკიოს მოწოდების მიუხედვად დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა. ამ მიზნით სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრაც კი ჩაიშალა, რომელსაც ორგანიზებას ვენეციის კომისია უწევდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი