ახალი ამბები

შეუჩერდა თუ არა ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახურს სტუდენტის სტატუსი საპატრიარქოს უნივერსიტეტში

22 სექტემბერი, 2017 • 4527
შეუჩერდა თუ არა ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახურს სტუდენტის სტატუსი საპატრიარქოს უნივერსიტეტში

ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახურ, მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს. ამის შესახებ ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა, რომელიც ამ უნივერსიტეტში ილია მეორის სრულუფლებიანი წარმომადგენელია.

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია ფართო საზოგადოებამ ე.წ. ციანიდის სკანდალის შემდეგ გაიცნო, სადაც იგი მიტროპოლიტ პეტრესთან ერთად პატრიარქის მდივან -რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს აკრიტიკებდა.

საპატრიარქოს უნივერსიტეტიდან მღვდელ-მონაზონის გარიცხვის საკითხი უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძემ დააყენა მიმდინარე წლის ივნისში. ანდრიაძე სასულიერო პირის უნივერსიტეტიდან გარიცხვის მოტივად ამ უკანასკნელის მიერ ილია მეორისადმი და მისდამი გაკეთებულ “ცილისმწამებლურ განცხადებებს” ასახელებდა.

20280307_1841913799457446_5393677439571368476_o

 

ანდრიაძის მიმართვის საფუძველზე ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ივლისშივე იმსჯელა უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის (ფაკულტეტი) საბჭომ, თუმცა ანდრიაძის მოსაზრება არ გაიზიარა.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, მღვდელ-მონაზონმა ანდრია (გიორგი) სარიამ არ უარყო მის მიერ გაკეთებული განცხადებები და აღნიშნა, რომ მან ინტერნეტსივრცეში და მასმედიის საშუალებით ნამდვილად ისაუბრა აღნიშნულ თემაზე. თუმცა ანდრია (გიორგი) სარია თვლის, რომ მას, როგორც მოქალაქეს, აქვს უფლება ჰქონდეს თავისი შეხედულებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ის პრინციპულად არ დაეთანხმა ანდრიაძის მოსაზრებას, რომ თითქოს თავის გამოსვლაში შეურაცხყოფას აყენებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს.

სხდომის ოქმის მიხედვით, ამის შემდეგ ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს მიმართა თხოვნით, გამოეხატათ საკუთარი პოზიცია აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით.

პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძის თქმით, მას ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ სატელევიზიო სივრცეში ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია არ შეეხებოდა ქართულ უნივერსიტეტს. მან მიმართა საბჭოზე მყოფ ბ-ნ გიორგი ანდრიაძეს და მღვდელ-მონაზონ ანდრია (გიორგი) სარიას, რომ არ ესაუბრათ უნივერსიტეტის სახელით, რადგან თითოეული მათგანის მოვალეობაა, გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის იმიჯს. პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის აზრით, უნივერსიტეტში არსებული ეთიკის კოდექსი არ იძლევა დოქტორანტისთვის სატატუსის შეწყვეტის საფუძველს.

ასოცირებულმა პროფესორმა ევა გოცირიძემ აღნიშნა: ,,ჩვენ ვართ ისეთი საფრთხის წინაშე, რომ არ შევიჭრათ ისეთი საკითხის განხილვაში, რაც ჩვენი საქმე არ არის; ჩვენი საქმე არ არის ციანიდის საქმის გამოძიება, რამდენად სწორად მიმდინარეობს და ასე შემდეგ. მეორე მხრივ, ჩვენ წინაშე დგას კონკრეტული საკითხი – მამა ანდრიას მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც შეეხება ციანიდის საქმეს და საპატრიარქოს. ეს შეიძლება განიხილოს საპატრიარქომ, რადგან თუკი მას, როგორც სასულიერო პირს, ჩადენილი აქვს რაიმე სახის დისციპლინური გადაცდომა, მაშინ ეს საკითხი არის მათი განსახილველი. რაც შეეხება უნივერსიტეტში მოქმედ ეთიკის კოდექსს, ერთადერთი საფუძველი, რომელიც შეიძლება რელევანტურად მოგვეჩვენოს დოქტორანტის მიმართ, არის ძალადობა ან შეურაცხყოფა უნივერსიტეტის წარმომადგენლის მიმართ, მაგრამ ამის მიუხედავადაც, მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივცემდი თავს უფლებას და არ გავიზიარებდი უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ მან სტუდენტი გარიცხოს უნივერსიტეტიდან იმიტომ, რომ მან გამოთქვა თუნდაც მცდარი, მიუღებელი და მავნე შეხედულება საჯარო სივრცეში. მე ვასწავლი ადამიანის უფლებათა სამართალს და ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დოქტორანტისთვის სტატუსის შეწყვეტა არ იქნება მოწონებული არავის მხრიდან. მით უმეტეს, დისციპლინური გადაცდომა შეიძლება უკავშირდებოდეს სხვადასხვა ტიპის სანქციებს და ის, რომ გამოხატვის თავისუფლებისათვის ვინმეს სწავლის უფლება შეეზღუდოს, ეს იქნებოდა ჩემთვის ნამდვილად მიუღებელი. როდესაც საქმე ეხება ეკლესიას და საეკლესიო საკითხებს, გამოხატვის თავისუფლების მიუხედავად, აღნიშნულ საკითხებთან აუცილებელია დიდი სიფრთხილის გამოჩენა. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ვალია არ დაუშვათ დოქტორანტის გარიცხვა თუნდაც მის მიერ გამოთქმული მცდარი პოზიციის გამო, რომელსაც მე არ ვიზიარებ“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს პროფესორებმა: მინდია უგრეხელიძემ, ვახტანგ გურულმა და ავთანდილ კიკნაძემ. მათ ერთხმად დაუჭირეს მხარი ქალბატონ ევა გოცირიძის პოზიციას.

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ შეაჯამა სხდომა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საბჭოს წევრები ერთხმად გმობენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობლის წინაღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას. პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ ფაკულტეტის საბჭოს სახელით კიდევ ერთხელ მიმართა მხარეებს და სთხოვა, თავი შეეკავებინათ ქართული უნივერსიტეტის სახელით განცხადებების გაკეთებისგან. ასევე, ნებისმიერი ისეთი განცხადებისგან, რომელიც ზიანს მიაყენებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკელსიას “, – ნათქვამია სხდომის ოქმში, სადაც ასევე აღნიშნულია შემდეგი: არ დაკმაყოფილდეს ბ-ნ გიორგი ანდრიაძის განცხადება დოქტორანტ ანდრია (გიორგი) სარიასთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ; 1.2. ეთხოვოს ორივე მხარეს თავი შეიკავონ ქართული უნივერსიტეტის სახელით განცხადებების გაკეთებისგან და ასევე ნებისმიერი განცხადებისგან, რომელიც ზიანს მიაყენებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. 1.3. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარის წინადადებით დოქტორანტ ანდრია(გიორგი) სარიას მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება, რათა სამომავლოდ თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთებისგან. 1.4. საბჭო სრულ მხარდაჭერას უცხადებს უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს და მიუღებლად მიიჩნევს იმ განცხადებებს, რომელიც კეთდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით”.

ზემოხსენებული სხდომა, რომლის ოქმიც საჯარო სივრცეში თავად უნივერსიტეტის რექტორ სერგო ვარდოსანიძეს აქვს გამოქვეყნებული,  2017 წლის 25 ივლისით თარიღდება. ეპისკოპოსმა იაკობმა კი ინფორმაცია მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიასთვის “სტატუსის შეჩერების” შესახებ გუშინ გაავრცელა. მისი თქმით, მღვდელმსახურს სტატუსი “იმდღევანელი გამოსვლის შემდეგ” აქვს შეჩერებული, თუმცა ქორეპისკოპოსს არ დაუკონკრეტებია, რომელ გამოსვლას გულისხმობდა.

მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ ნიუპოსტთან საუბარში განაცხადა, რომ უნივერსიტეტიდან არავის დაუთხოვია. სასულიერო პირმა იგივე  გაიმეორა ნეტგაზეთთან მიმოწერაშიც.

“უნივერსიტეტიდან არავის მოუხდენია ჩემი დათხოვნა, ეს არის სიცრუე. შეგიძლიათ გადაამოწმოთ უნივერსიტეტში, რის საფუძველზე მოხდა ჩემი ერთწლიანი აკადემიური შვებულების აღება… მხოლოდ ჩემი თხოვნის საფუძველზე. გავხსენით საღვთისმეტყველო სასწავლებელი, მონასტრის მშენებლობა მიმდინარეობს და ამ ერთ წელიწადში ვერაფრით ვერ მოვახერხებდი დისერტაციის დამუშავებას” – აცხადებს მამა ანდრია სარია.

ვინ ამბობს სიმართლეს, მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია თუ ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, ამ ინფორმაციის გადამოწმება ნეტგაზეთმა უნივერსიტეტში ვერ მოახერხა, სადაც ამბობენ, რომ სტუდენტების პერსონალური ინფორმაცია საჯარო არ არის, ხოლო რექტორი, რომელთანაც კითხვის დასმა გვინდოდა, საკმაოდ დაკავებულია. უნივერსიტეტში იმასაც ამბობენ, რომ იქ სტუდენტების საჯარო საეთერო გამოსვლები და ა.შ. არ განიხილება და არ ფასდება, რადგან ეს არის აკადემიური დაწესებულება, რომელიც პოლიტიკისაგან შორსაა.

განახლება 17:30 – უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ დაგვიდასტურა, რომ მღველ-მონაზონ ანდრია სარიას სტატუსი პირადი განცხადების საფუძველზე აქვს შეჩერებული. ვარდოსანიძემ შესაბამისი ბრძანების ასლიც მოგვაწოდა, რომელიც მის ნათქვამს ადასტურებს.

“არც მეუფეს უთქვამს რომ იგი გავაგდეთო. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ ობიექტურები ჰკითხეთ მასაც თუ გნებავთ, დამიჯერეთ, ამას ნუ გამოაბამთ კუდს. მეუფე იაკობმა თავის დროზე მხარი დამიჭირა, რომ სარია ანდრიაძის სურვილისამებრ არ გაგვერიცხა და დაგვეცვა მისი უფლებები”, – მოგვწერა სერო ვარდოსანიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი