ახალი ამბები

წულუკიანი: ყუფარაძის საქმეზე საქართველოს მთავრობის გამართლება არ გვახარებს

22 სექტემბერი, 2017 • 2132
წულუკიანი: ყუფარაძის საქმეზე საქართველოს მთავრობის გამართლება არ გვახარებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გვანცა ყუფარაძის საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს.

,,გვანცა ყუფარაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლითაც პრაქტიკულად საქართველოს მთავრობა გამართლდა, არავითარ პროფესიულ, მით უმეტეს, მორალურ სიხარულს ჩვენში არ იწვევს“,–განაცხადა იუსტიციის მინისტრმა

როგორც მინისტრი ამბობს, ეს გადაწყვეტილება რეალურად ზედაპირულია იმ დეტალების განხილვასთან დაკავშირებით, რომლებიც არა მხოლოდ  გვანცა ყუფარაძეს, არამედ მაშინდელი მართლმსაჯულების და ციხის სისტემის მიმართ ისმოდა. წულუკიანის თქმით, ეს საკითხები განხილული არ ყოფილა:

,,სტრასბურგის სასამართლო შემოიფარგლა იმით, რომ ეთქვა, რომ სააპალეციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმსახურებს გარკვეულ კრიტიკას, მაგრამ  არ გახლავთ მეოთხე ინსტანციის სასამართლო იმისთვის, რომ ეს საქმე განიხილოს თავიდან. ეს არის საკმაოდ მოკლე გადაწყვეტილება. მე, რა თქმა უნდა, მინახავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც გაცილებით დეტალურად იხილავს პატიმრის, არასრულწლოვნის, მით უმეტეს,  გოგონას უფლებებს, მაგრამ ეს არის, რაც არის” – ამბობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

წულუკიანის თქმით, ამ საქმეზე საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხეს, არ წარუდგენია თავდაცვითი პოზიცია, რითაც ყუფარაძეს მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი სიმართლე მთავრობის პოზიციის გარეშე ემტკიცებინა. გაასაჩივრებს თ უ არა ამ გადაწყვეტილებას მომჩივანი, წულუკიანის თქმით, გვანცა ყუფარაძის გადასაწყვეტია:

“დაველოდოთ, მომჩივანი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუკი ის გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება, ჩემი აზრით, მაღალკვალიფიციური ადვოკატი. რაც შეგვეხება ჩვენ, ამ საქმეზე, როგორც მოპასუხეს, არ წარგვიდგენია თავდაცვითი პოზიცია  და სტრასბურგის სასამართლოს და თავად გვანცა  ყუფარაძეს მივეცით სრული შესაძლებლობა იმისთვის, რომ მთავრობის პოზიციის გარეშე ემტკიცებინა საკუთარი სიმართლე.

მე ვერ დავეთანხმები ვერც იმას, რომ თურმე, როგორც ეს გადაწყვეტილებაში არის ნათქვამი, 2007–2008 წლებში ციხეში რეფორმები ჩატარდა. ჩვენ ვერ დავარქმევთ რეფორმას იმას, რომ იუნისეფისა და ევროკავშირის ძალიან სერიოზული ზეწოლის შედეგად ჩვენმა წინამორბედმა მთავრობამ გვანცა ყუფარაძე  გარემონტებულ საკანში გადაიყვანა. ეს,  რა თქმა უნდა, რეფორმად ვერ ჩაითვლება. მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი, ამ მთავრობის მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა იყო იმისთვის, რომ გვანცა ყუფარაძისთვის წინა მთავრობის პირობებში და მათი მმართველობის პერიოდში მიღებული ზიანის და თავისი სისხლის სამართლის საქმის შესახებ სიმართლე სტრასბურგში  ცნობილი ყოფილიყო, მაგრამ ეს რატომღაც ვერ მოხერხდა, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან სამწუხაროა“,–განაცხადა თეა წულუკიანმა.


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გვანცა ყუფარაძის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

ყუფარაძე მიიჩნევდა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მის მიმართ უსამართლოდ მიმდინარეობდა. ამასთან, დაირღვა მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი). ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო ყუფარაძის უფლებები დაირღვა.

სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შერჩევის შემდეგ ყუფარაძე განთავსებული იყო სრულწლოვან ქალ პატიმრებთან ერთად. მოგვიანებით კი გადაიყვანეს აღნიშნული საპყრობილის ცალკე ყოფნის საკანში ყველასაგან განცალკევებით, სადაც 5 თვე გაატარა. 5 თვის შემდეგ კი მასთან შეასახლეს კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგო. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, გვანცა ყუფარაძის უფლებები არც ამ ნაწილში დარღვეულა (კონვენციის მე-3 მუხლი).

2006 წელს ყუფარაძე 14 წლის იყო, როდესაც თანაკლასელის დანით მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ, სადაც ამ საქმის მოსამართლე თამარ ალანია იყო, ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებდა, რომ  გვანცა ყუფარაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა.

ბრალს არ აღიარებდა ბრალდებულიც. მომხდარი ფაქტის ყუფარაძისეული ვერსიით, დაზარალებულს თავს ორი კაცი დაესხა, რომელთა ვალიც დაზარალებულს ჰქონდა. გამოძიების ვერსიით კი, დაზარალებულმა გარკვეული რაოდენობის თანხა გვანცა ყუფარაძეს სთხოვა, რის შემდეგაც ყუფარაძემ მას ცივი იარაღით 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა.

სწორედ ეს საქმე შეახსენა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი ხუთი კანდიდატის შესარჩევი კომისიის სხდომაზე ერთ-ერთ კანდიდატს, თამარ ალანიას, რომელიც  სააპელაციო სასამართლოში არასრულწლოვანი გვანცა ყუფარაძის მოსამართლე იყო.

“თქვენ ხართ ქალი, თქვენ ხართ დედა. თუ გახსოვთ გვანცა ყუფარაძის საქმე?” – ჰკითხა იუსტიციის მინისტრმა ალანიას. იგი დაინტერესდა, თუ როგორი იქნებოდა ალანიას მიდგომა დღევანდელ ვითარებაში.

თამარ ალანიამ ამ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სააპელაციო სასამართლოში მისი მიღებისთანავე. მანვე აღნიშნა, რომ ამ საქმის თითოეული ნიუანსის განხილვა მისთვის ძალიან “რთული და  მძიმე პროცესი” იყო. ალანიას თქმით, მაშინ იყო ძალიან ხისტი და მძიმე კანონმდებლობა, რომელსაც ვერ გაექცეოდა. მან ასევე განაცხადა, რომ მიიღეს დაცვის მხარის მიერ დაყენებული ყველა მტკიცებულება მიუხედავად იმისა, რომ ეს ეკრძალებოდათ.

თამარ ალანიას თქმითვე, მაშინ რომ ყოფილიყო ძალაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც 2016 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს, მაშინ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით წავიდოდა – “მაშინ რომ არასრულწლოვანთა კოდექსი ყოფილიყო, ჩემი მიმართულება იქნებოდა, რომ აღდგენითი მართლმსაჯულება განმეხორციელებინა” – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი