ახალი ამბები

ილია მეორე: ლაზებო, არ დაგაბრკოლოთ ზოგიერთთა ზიანის მომტანმა ქმედებებმა

20 სექტემბერი, 2017 • 3775
ილია მეორე: ლაზებო, არ დაგაბრკოლოთ ზოგიერთთა ზიანის მომტანმა ქმედებებმა

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ილია მეორის მიმართვას ავრცელებს. განცხადებაში საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ამბობს, რომ სამწუხაროდ, ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებს და მოუწოდებს მათ, “არ დააბრკოლონ ზოგიერთთა ზიანის მომტანმა ქმედებებმა”.

“სამწუხაროა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია.

ლაზებო, ფერეიდნელებო, ტაო-კლარჯელნო, ჰერნო, საქართველოს ავბედობის გამო სამშობლოს მოწყვეტილნო საყვარელო  ჩვენო ყოველნო შვილნო, არ დაგაბრკოლოთ ზოგიერთთა ზიანის მომტანმა ქმედებებმა; დრო გავა და, იმედი გვაქვს,  ისინიც შეინანებენ თავიანთ საქციელს; თქვენ კი გახსოვდეთ: საქართველოს და საქართველოს ეკლესიას უყვარხართ, სადაც არ უნდა იყოთ, თავისად მიაჩნიხართ, გული დიდად შესტკივა თქვენზე და ყოველთვის ეყოლებით მფარველობის ქვეშ.

დღეს რთული დროა, მრავალთა ინტერესი იკვეთება ჩვენს პატარა სამშობლოსთან მიმართებაში; პრობლემების უმრავლესობაც აქედან მოდის; მაგრამ ღმერთი დიდია და იგი თქვენც და ჩვენც მოგვცემს ძალას დაბრკოლებების გადასალახავად” – ამბობს პატრიარქი.

ილია მეორე ბერლინში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ თბილისში დაბრუნდა, მისგან ხელმარცხნივ – სოსო ოხანაშვილი. 20.02.17. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

ილია მეორე ბერლინში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ თბილისში დაბრუნდა, მისგან ხელმარცხნივ – სოსო ოხანაშვილი. 20.02.17. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

რამდენიმე დღის წინ პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2016 წლის აპრილში პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი და საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე ტერორიზმში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეებს ილია მეორეს სახლში თვითნებურად აცხოვრებდნენ.

“შორენასთან ბოლოს მე კონფლიქტი მქონდა და არ ვლაპარაკობდი. ეს მოხდა 2016 წლის აპრილში. ჩვენმა სამსახურმა პატრიარქის სახლში (ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე) აღმოაჩინა თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი და მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პიროვნება, რომელთაგანაც ერთი უკვე სასჯელს იხდიდა,” – ამბობდა  ოხანაშვილი.

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი აცხადებდა, რომ ტერორიზმში ბრალდებული პირები ილია მეორის სახლში შორენა თეთრუაშვილმა და გიორგი ანდრიაძემ დააბინავეს. გარდა ამისა, როგორც ოხანაშვილი აცხადებს, მათ ტერორიზმში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე რეკომენდაციაც გაუწიეს.

“რა თქმა უნდა, მივედი უწმინდესთან და სიტყვა-სიტყვით წავუკითხე, რაც მომწერა კონტრდაზვერვის უფროსმა. პატრიარქმა არაფერი იცოდა, რა თქმა უნდა. ის ძალიან შეწუხდა და ზომების მიღება მთხოვა – გამოვიდნენ იქიდან, არ შეიძლებაო. იმ ღამესვე გადავიყვანე ეს ადამიანები სხვაგან, რომლებიც ფაქტობრივად გიორგი ანდრიაძემ მიიყვანა პატრიარქის სახლში,” – ამბობს ოხანაშვილი აუდიოჩანაწერში, რომელიც რუსთავი 2-მა გაავრცელა.

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის ბრალდებების საპასუხოდ საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ საუბარია ლაზებზე, რომლებსაც მსოფლმხედველობრივი პრობლემები აქვთ თურქეთის ხელისუფლებასთან, და არა ტერორისტებზე.

როგორც ანდრიაძე ამბობს, ლაზები თურქეთიდან საქართველოში კანონიერად შემოვიდნენ და “არა ტყით”. მისი თქმით, ისინი ახლაც იმყოფებიან საქართველოში და ძალიან განაწყენებული არიან მათ შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციით.

გიორგი ანდრიაძის განცხადებით, საქართველოში სხვადასხვა მსოფლმხედველობის ლაზები ჩამოდიან და ის თავადაც ჩართულია ე.წ. ლაზურ პროექტში. როგორც საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, შორენა თეთრუაშვილი, “საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ”, არ მონაწილეობს ამ საკითხში და მხოლოდ თვითონ არის პასუხისმგებელი.

ანდრიაძის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლება “პატარა კონფლიქტშია” ევროპულ სტრუქტურებთან, ხოლო ერთ-ერთი ლაზი, რომელიც პატრიარქის სახლში ცხოვრობდა, ევროსაბჭოს სტრუქტურამ გაამართლა. მისი აზრით, საქართველოს კოჰაბიტაციური ხელისუფლებაც დევნის ლაზებს. ანდრიაძე მიიჩნევს, რომ “საქართველოს სიყვარულით გულანთებული” ლაზები თბილისში ზოგს არ მოსწონს, მათ შრის- საქართველოს პრეზიდენტსაც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი