“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი გაგი მოსიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს:
“თუკი პროკურატურა არ გამოიყენებს აღკვეთის ღონისძიებას, კანონმდებლობაში დათქმა არ გვაქვს, ასეთ შემთხვევაში როდის უნდა მიმართოს პროკურატურამ სასამართლოს.”
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, როგორც მოსიაშვილი განმარტავს, პროკურატურას შეუძლია პიროვნება ცნოს ბრალდებულად, მაგრამ არ მიმართოს სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შესახებ შუამდგომლობით. ხოლო თუკი აპირებს ასეთი ღონისძიების გამოყენებას, პროკურატურამ ბრალის წაყენებიდან 72 საათის ვადაში უნდა მიმართოს სასამართლოს.
17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს – სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი გუშინ, 23 მაისს, დილით, წაუყენეს, სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
საქართველოს პროკურატურას ბრალდებული სასულიერო პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოსთვის ამ დრომდე არ მიუმართავს და როგორც პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი, ხათუნა პაიჭაძე აცხადებს, შესაძლოა, არც მიმართოს:
“შედარებით მსუბუქი მუხლია და შესაძლებელია, არც შევიდეს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით, ეს გამოძიების უფლებაა”.
მუხლი, რომლითაც სასულიერო პირებს წაუყენეს ბრალი, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი პროკურატურა არ გამოიყენებს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს, რომელიც შეიძლება იყოს – პატიმრობა, გირაო და თავდებობა? – ხათუნა პაიჭაძის თქმით, ასეთ შენთხვევაში, ჩაინიშნება პირდაპირ წინასასამართლო სხდომა და “შესაძლებელია აქ იყოს საუბარი ჯარიმაზე ან რაიმე სხვა საკითხზე, რასაც გამოძიება გადაწყვეტს.”
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი გაგი მოსიაშვილი განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება, ასევე, ხდება წინასასამართლო სხდომის თარიღის ჩანიშვნა, რომლის მაქსიმალური ვადაა, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებიდან 60 დღე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღკვეთის ღონიძიების საკითხზე შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს არ მიმართავს, კანონმდებლობაში არ არის დათქმა, თუ როდის უნდა მიმართოს პროკურატურამ სასამართლოს წინასასამართლო სხდომის დასანიშნად.
17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის შესაძლებლობა ადამიანის უფლებების დამცველებს არ მისცეს კონტრაქციის ორგანიზატორებმა, რომელთა შორის იყვნენ სასულიერო პირები: მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონი, დაედევნენ უფლებადამცველებს, ადგილი ჰქონდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხოფის ფაქტებს, ქვებით და სხვა საშუალებებით დააზიანეს ავტობუსები და მიკროავტობუსი, რომლებითაც აქციის მონაწილეები გადაჰყავდა პოლიციას უსაფრთხო ადგილას. ძალადობის შედეგად 28 ადამიანმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ძალადობრივი ქმედებებისთვის, რის გამოც მოქალაქეების ერთ ნაწილს არ მიეცა კონტიტუციით მინიჭებული გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის შესაძლებლობა, დაისჯებიან დამნაშავე პირები, მათ შორის, სასულიერო პირებიც, რომლებმაც დაარღვიეს კანონი.