ახალი ამბები

TI: თბილისის მერიის სარეკლამო რგოლის ტელევიზიებში განთავსებით კანონი ირღვევა

20 სექტემბერი, 2017 • 1517
TI: თბილისის მერიის სარეკლამო რგოლის ტელევიზიებში განთავსებით კანონი ირღვევა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, დაინტერესდეს ტელეკომპანიების, “რუსთავის 2”-სა და “იმედის” ეთერში გასული ვიდეორგოლით, რომელიც თბილისის მერიის მიერ 2014-17 წლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხება.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ვიდეორგოლი თავისი შინაარსით წარმოადგენს თბილისის მერიის რეკლამას და მისი განთავსება, ერთი მხრივ, არღვევს ქართულ კანონმდებლობას, მეორე მხრივ კი, უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე.

TI-ში აცხადებენ, რომ ვიდეორგოლის განთავსებით შემდეგი მიზეზების გამო ირღვევა ქართული კანონმდებლობა:

  • „მაუწყებლობის შესახებ კანონის” 66′-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომუნიკაციის ეროვნული კომისიის 15 ივნისის №398/18 გადაწყვეტილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსება მის დაფინანსებად ითვლება და აკრძალულია, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა;

  • ადმინისტრაციულ ორგანოებს არ ეკრძალებათ სოციალური რეკლამის განთავსება მაუწყებლებში, თუმცა ვიდეორგოლი არ არის განთავსებული სოციალური რეკლამის სტატუსით. აღსანიშნავია, რომ ის არც აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის მოთხოვნებს;

  • ზემოთ მოცემული ორი პუნქტის გათვალისწინებით, თბილისის მერიას რჩებოდა მხოლოდ ერთი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ვიდეორგოლი მაუწყებლებში განეთავსებინა: ეს არის მაუწყებლობის შესახებ კანონის 66′-ე მუხლის მე-2 მუხლის მეორე წინადადება, რომელიც მერიას უფლებას აძლევს შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება „საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით”.

მერიის ვიდეორგოლში მოთხრობილია 2014-17 წლებში დაგებული გზების, აშენებული ხიდების და აღდგენილი ინფრასტრუქტურის შესახებ. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ვიდეორგოლი არ ახდენს მოქალაქეთა ინფორმირებას სიახლეების, პროცედურების ან გადაუდებელი გარემოებების შესახებ, რაც მათ უნდა გაითვალისწინონ, ვიდეო არ ემსახურება საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას.

გარდა ამისა, ამჟამად მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია, შესაბამისად, TI – აცხადებს, რომ ასეთი რეკლამების გაშვება შესაძლოა ამომრჩევლის მიერ აღქმული იქნეს როგორც მმართველი პარტიის არაპირდაპირი რეკლამა, ეს კი საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იქნება. მსგავს პრობლემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წინა არჩევნების დროსაც ხშირად წერდა.

ორგანიზაცია მოუწოდებს  საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას – შეისწავლოს ზემოაღნიშნული ფაქტი და მიიღოს შესაბამისი ზომები; ქალაქ თბილისის მერიას – შეწყვიტოს მსგავსი რეკლამების ტელევიზიებში განთავსება; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას – დაინტერესდეს ამ საკითხით და, საჭიროების შემთხვევაში, გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია.

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ TI-მ კომისიას განცხადებით უკვე მიმართა. კომისია შეისწავლის ამ სარეკლამო რგოლების განთავსების სამართლებრივ საფუძველებს და მხოლოდ ამის შემდგომ იმოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ კანონთან შეუსაბამობა გამოვლინდება, კომისია საკუთარი უფლებამოსილებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

დედაქალაქის მერიაში კი ამბობენ, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია მერიის მხრიდან. შესყიდვა კანონის მოთხოვნების სრული დაცვით განხორციელდა. როგორც მერიაში აცხადებენ, სახელმწიფო შესყიდვის მთავარი პირობა ის იყო, რომ სარეკლამო ვიდეორგოლი ორ ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიაში განთავსებულიყო. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ კლიპები ტელევიზიების ეთერში ორშაბათიდან აღარ გავა, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა იწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი