ახალი ამბები

ომბუდსმენის მოთხოვნის შეუსრულებისთვის N3 ციხის დირექტორი 800 ლარით დაჯარიმდა

19 სექტემბერი, 2017 • 1553
ომბუდსმენის მოთხოვნის შეუსრულებისთვის N3 ციხის დირექტორი 800 ლარით დაჯარიმდა

სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 სექტემბერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი სამართალდამრღვევად ცნო და 800 ლარით დააჯარიმა.

2017 წლის 29 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წერილი გაეგზავნა პენიტენციური დეპარტამენტის N3 პენიტენციურ დაწესებულების დირექტორს მსჯავრდებულ მ.შ-ის განცხადებაში მითითებული საკითის შესწავლისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, კერძოდ:

“მსჯავრდებული მიუთითებდა, რომ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს უარის გასაჩივრების მიზნით, 2017 წლის 23 იანვარს საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. საჩივარი ჩაბარდა N3 პენიტენციურ დაწესებულების ადმინისტრაციას, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული საჩივარი არ მიუღია.”

საკითხის შესწავლის მიზნით N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს წერილობით გაეგზავნა თხოვნა, სახალხო დამცველის აპარატისათვის მოეწოდებინა ინფორმაცია იმის თაობაზე, ჩაბარდა თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ მ.შ-ის 2017 წლის 23 იანვრის საჩივარი. ომბუდმსენის ცნობით, მათ ასევე სთხოვეს, დადებითი/უარყოფითი პასუხის შემთხვევაში განემარტათ ასეთი გადაწყევტილების მიზეზები.

“პენიტენციური დეპარტამენტის N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 8 ივნისის წერილის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატს პასუხად ეცნობა, რომ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ნასამართლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და სახალხო დამცველის აპარატს ამ ინფორმაციის გასაცემად ეთხოვა მსჯავრდებულის თანხმობის წარდგენა #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორისათვის,” – აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის დადგენილების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნება ნასამართლობასთან დაკავშირებულ მონაცემებს და, შესაბამისად, პენიტენციური დეპარტამენტის N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებული იყო, სახალხო დამცველის აპარატისათვის მიეწოდებინა სათანადო ინფორმაცია.

,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.”

ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ “შემოწმების პროცესში ან საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე ის სახელმწიფო ორგანო, თანამდებობის ან იურიდიული პირი, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილება მოწმდება ან გასაჩივრებულია, ვალდებულია საქართველოს სახალხო დამცველს წარუდგინოს ახსნა-განმარტება გამოსაკვლევ საკითხზე.”

N3 პენიტენციური დაწესებულება, ციხე. ფოტო: სამინისტრო

N3 პენიტენციური დაწესებულება, ციხე. ფოტო: სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი