ახალი ამბები

“შენ შრომობ, ესენი იპარავენ” – ენმ-ის საპროტესტო აქცია “ქართუ ბანკთან”

19 სექტემბერი, 2017 • 1647
“შენ შრომობ, ესენი იპარავენ” – ენმ-ის საპროტესტო აქცია “ქართუ ბანკთან”

“შენ შრომობ, ესენი იპარავენ”, – პლაკატი ამ წარწერით, ასევე, კახა კალაძის და ოთარ ფარცხალაძის ფოტოებით ენმ-ის ლიდერებმა ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ბანკის” სათავო ოფისთან მიიტანეს, თუმცა შენობის ფასადზე ამ პლაკატის გაკვრის უფლება მათ პოლიციამ არ მისცა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა დღეს ბანკის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს.

“ეს არ არის ბანკი, ეს არის ხარკის ამკრეფი ორგანიზაცია, ეს არის შავი ფულის სარეცხი მანქანა ივანიშვილის ხელში,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა, ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატმა.

უდუმაშვილის თქმით, “ეს ორგანიზაცია საქართველოში არის ბოროტების სიმბოლო”, რის გამოც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პერმანენტულ აქციებს გამართავს.

“ეს შენობა არ არის ის შენობა, რომელიც ზრუნავს ჩვენს ქალაქზე, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებზე. ეს არის სახელმწიფო კანცელარია ქართული ოცნებისთვის, ეს გახლავთ სალარო, სადაც იყვლიფება ჩვენი მოსახლეობა,” – განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

“ეს არის ბოროტების სასახლე, სადაც თეთრდება რუსი ოლიგარქის ფული, აქ ხდება შავი ფულის გათეთრება,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, ენმ-ის წევრმა.

ხაბეიშვილმა წარმოადგინა საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, თუ რა ფირმები აქვთ დაფუძნებული ბიძინა ივანიშვილს დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილსა და მის თანამშრომელ ალა კახნიაურს, რომლებსაც სხვადასხვა ტენდერები აქვთ მოგებული.

მისივე თქმით, “ქართუ ჯგუფმა” უნდა გამოაქვეყნოს დაფინანსების წყაროები. მან კვლავაც ახსენა წარსულში ენმ-ის მიერ არაერთგზის გახმიანებული ბრალდებები ივანიშვილის შესაძლო კავშირებზე იარაღით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს კავშირები ოფიციალურად რომელიმე ქვეყნის მართლმსაჯულების ორგანოების მიერ დადასტურებული არ არის, ისევე როგორც არ არის დადასტურებული ქართუ ბანკის რაიმე კავშირი ფულის გათეთრების ფაქტებთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი