ახალი ამბები

Vetements-ის დამფუძნებელი გურამ გვასალია მოდის ბიზნესში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს

18 სექტემბერი, 2017 • 4318
Vetements-ის დამფუძნებელი გურამ გვასალია მოდის ბიზნესში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს

2014 წელს ძმებმა დემნა და გურამ გვასალიებმა ბრენდი Vetements დააფუძნეს. WWD-ის ინფორმაციით, Vetements -ის წლიური შემოსავალი 100 მლნ დოლარს აღწევს.

გვასალიების მიერ დაარსებულმა ბრენდმა საკმაოდ მცირე დროში სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. ბრენდს instagram-ზე 2 მლნ. ფოლოუვერი ჰყავს. 2017 წელს Vetements-მა  ადგილმდებარეობა შეიცვალა და პარიზიდან ციურიხში გადაინაცვლა.

“ციურიხში ჩვენი გადასვლა საჭირო იყო, რათა უკეთ დაგვენახა ჩვენი სამომავლო ნაბიჯები. ზოგჯერ სამყაროსგან დისტანცირება საჭიროა, რათა უკეთ აღწერო ის,”- უთხრა Financial Times-ს ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ გვასალიამ.

Vetements-ის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა, რომელმაც 2017 წლის მარტში CFDA-ს (ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭო) ჯილდო მიიღო. აღნიშნულ პრიზს ხშირად მოდის ოსკარსაც უწოდებენ.

დემნა გვასალია Vetements-ის გარდა ცნობილი ესპანური მოდის სახლი, ბალენსიაგას კრეატიული დირექტორია.

FT-მა გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით: “Vetements-გურამ გვასალიას სახარება”.

“Vetements თავიდანვე ჰქონდა ნათელი ხედვა, როგორი ბრენდი უნდა ყოფილიყო. ისტორილად ბრენდები ქმნიდნენ ტანსაცმელს, ხოლო  მომხმარებელი მას ყიდულობდა. ახლა ვითარება შეიცვალა. დღეს  ქმნიან ტანსაცმელს პოდიუმისთვის, ხოლო ყიდიან პარფიუმერიასა და საფულეებს duty-free მაღაზიებში. ისინი ნელ-ნელა კლავენ საკუთარ ბრენდებს, უეცარი მოგების მიღების გამო. როდესაც ამბობენ, რომ Vetements არ ემორჩილება წესებს და არის დესტრუქციული, ეს არ არის Vetements-ის შეფასება, ეს არის მოდის დღევანდელი მდგომარეობის შეფასება”, -აცხადებს გურამ გვასალია.

ფოტო © EPA/ETIENNE LAURENT

ფოტო © EPA/ETIENNE LAURENT

გურამ გვასალია FT-ის მოდის ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე, გაყიდვებსა და ბიზნესის კეთების მისეულ ხედვაზეც ესაუბრა. მისი თქმით, ბიზნესში უნდა მიჰყვე წესებს და შეეცადო ყველაფერი სწორად აკეთო.

“პარალელური მარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე ბინძური საიდუმლოა მოდის ინდუსტრიის და მას ნელ-ნელა უფრო მეტი და მეტი ძვირადღირებული ბრენდი იყენებს. იმის მაგივრად, რომ წარმოებული პროდუქცია პირდაპირი გზით გაყიდონ, ფულს უხდიან შუამავალ გადამყიდველებს, რომლებიც  პროდუქციის დიდ ნაწილს საშინელ მაღაზიებში ყიდიან.  ასეთი მაღაზიები ხშირ შემთხვევაში მოშორებით მდებარეობს. ეს მაღაზიები ბრენდებისგან ოფიციალური წყაროებით არ იღებენ პროდუქციას.

როგორც ცნობილია, იტალიური მაღაზიები ყველაზე ხშირად მიმართავენ პარალელურ მარკეტინგს,  თუმცა ის უკვე გავრცელდა ევროპის  ქვეყანებში და აშშ-შიც კი.

ბრენდებმა შესანიშნავად იციან პარალელური მარკეტინგის შესახებ, თუმცა გაყიდვების ზრდის გამო თვალს ხუჭავენ. ოფიციალურად ასეთი ბრენდები საკუთარ პროდუქციას მხოლოდ საუკეთესო მაღაზიებში ყიდიან და ირწმუნებიან, რომ მათი პროდუქციის დისტრიბუციას ექსკლუზივი სჭირდება, თუმცა, რეალობაში, მათი პროდუქტი საშინელ გარემოში იყიდება. მოდის ინდუსტრიაში ბრენდები ზრდის მანიით არიან შეპყრობილი და მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რის ფასად  უჯდებათ ეს ზრდა,” – ამბობს Vetement-ის გენერალური დირექტორი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ შეცვლის მის ხედვებს ინდუსტრიის მიმართ ციურიხში გადასვლა, გურამ გვასალია პასუხობს: “განზე დგომა აუთსაიდერობას არ ნიშნავს, ზოგჯერ საჭიროა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რათა სრულად დაინახო სურათი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი