ახალი ამბები

გერმანიაში მცხოვრები ქართველები 17 მაისს მომხდარ ძალადობას დაგმობენ

23 მაისი, 2013 •
გერმანიაში მცხოვრები ქართველები 17 მაისს მომხდარ ძალადობას დაგმობენ

“ყველა ადამიანს, ვინც გმობს 17 მაისს მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებულ რელიგიურ ძალადობას, ვთხოვთ შემოგვიერთდეს 23 მაისს, 18:00 საათზე (შეკრება 17.00 საათიდან), საქართველოს საელჩოს შენობის წინ ბერლინში. 

ეს გახლავთ არაპარტიული, სამოქალაქო შეკრება, რომელიც მიზნად ისახავს, გააპროტესტოს საქართველოს საპატრიარქოში მოკალათებული რელიგიური ფუნდამენტალისტების და მათი მრევლის მიერ 17 მაისს თბილისში საქართველოს თანამოქალაქეებზე, საკუთარ თანამემამულეებზე განხორციელებული ანტიკონსტიტუციური რელიგიური პოგრომი. 

მათ საქართველოს საზოგადოებისა და ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების სახელით მოახდინეს უმცირესობაში მყოფ ადამიანთა მშვიდობიანი ჯგუფის დევნა. ეს გახლდათ გალაშქრება არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოების, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაც, რადგან ამ ქმედებით ექსტრემისტულმა ჯგუფმა უგულვებელყო საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა – დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის საფუძველი.

ამ საპროტესტო შეკრების მიზანია, დაფიქსირდეს სამოქალაქო პოზიცია: 

არა რელიგიურ ფუნდამენტალიზმს და არა ძალადობას!”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

როგორც ნეტგაზეთს გერმანიიდან აცნობეს, რამდენიმე დღის წინ აქციაზე მოწვევის წერილები გაეგზავნა გერმანიის ბუნდესთაგის დეპუტაციას, აგრეთვე, ბერლინის მერს და გერმანიის ადამიანის უფლებათა დამცველს მარკუს ლონინგს. 

“ამ მოწვევების ერთ ერთი მიზანი იყო 17 მაისი მოვლენებზე გერმანიის პოლიტიკური ელიტის ყურადღების მიქცევა, რასაც მივაღწიეთ კიდევ. მართალია, რამდენიმე დეპუტატი შეხვედრების გამო ვერ მიიღებს 23 მაისს აქციაში მონაწილეობას, მაგრამ ისინი 17 მაისის თბილისის მოვლენების შესახებ საკითხს ფრაქციაში დააყენებენ”, – განუცხადა ნეტგაზეთს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მიხეილ ჯაფარიძემ. 

რამდენიმე დღის წინ 17 მაისს თბილისში მომხდარი ძალადობა საქართველოს მოქალაქეებმა ლონდონში, საქართველოს საელჩოსთან დაგმეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი