“გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბიძინა ივანიშვილმა იმის თაობაზე, რომ დააპატიმროს თავისი უშუალო პოლიტიკური ოპონენტი, ვანო მერაბიშვილი და დააკაოს ზურაბ ჭიაბერაშვილი, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას არაფერი საერთო არ აქვს სამართალთან. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც ივანიშვილმა არაერთხელ დააანონსა, არაერთხელ განაცხადა, რომ ის აპირებს გაანადგუროს ნაციონალური მოძრაობა. მან არაერთხელ დააანონსა, რომ თუ ოპოზიცია არ შეწყვეტს არსებობას, თუ ნაციონალური მძრაობა გააგრძელებს მოღვაწეობას, მას საქმე ექნება პროკურატურასთან და, როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. დღეს ივანიშვილმა გასცა ბრძანება ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების, მაგრამ ის ამით ოპოზიციას ვერ გატეხავს, ვერ გაანადგურებს. ნაციონალური მოძრაობა გააგრძელებს ბრძოლას კიდევ უფრო ძლიერად, ვიდრე აქამდე, გააგრძელებს ყველა ხერხით და მეთოდით, ვგულისხმობ მშვიდობიან გზებს. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება უკან ცუდად მოუბრუნდებათ, ეს მათი მთავრობის დიდი შეცდომაა”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
გიორგი თევდორაძის განცხადებით, ის პირები, ვინც მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავებაში მონაწილეობდნენ, უახლოეს მომავალში თავად აგებენ პასუხს მართლმსაჯულების წინაშე:
“მართლაც სასაცილო იქნებოდა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს, სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური ტერორის დრო დგება, როდესაც პოლიტიკური ოპონირების რეჟიმი ხელისუფლებას მხოლოდ პოკლიტიკური ოპონენტების დაჭერაში, დაშანტაჟებაში და წნეხის გამოყენებაში წარმოუდგენია. სხვა ვერავითარ შეფასებას ვერ მივცემ, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივანს აკავებენ მართლაც შეთითხნილი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ბრალდებებით. მაგრამ მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ ფარსში, მონაწილეობას იღებდა ამ აბსურდის თეატრში, გარკვეული პერიოდის შემდეგ თავად აგებს პასუხს მართლმსაჯულების წინაშე”, – განაცხადა გიორგი თევდორაძემ.
ნუგზარ წიკლაურმა მერაბიშვილის დაკავება პოლიტიკურ დევნად შეაფასა:
“ეს არის ცალსახად პოლიტიკური დევნის გამოხატულება მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის და მისი გენერალური მდივნის მიმართ. განსაკუთრებით ცინიკურია, რომ ამ ადამიანებს ასამართლებენ დასაქმების პროგრამისათვის, ადამიანების დასაქმებისათვის და ასამართლებს ის ხელისუფლება, რომლის პირობებში ყოველდღიურად იკარგება სამუშაო ადგილები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ლიდერების დაკავება ჩვენთვის არის ძალიან მძიმე, ძალიან მძიმეა პოლიტიკური პარტიისთვის, ეს არის აგრეთვე კონსოლიდაციის მიზეზი და საბაბი. ვერავითარ შემთხვევაში მიზანი იმ ადამიანების, რომლებიც ასე უგორებენ კოჭს საოკუპაციო ძალებს და ასე მონურად არიან რუსებისადმი განწყობილი, ვერ ახდება და ისინი ვერ შეძლებენ ქართული პატრიოტული მოძრაობის, ნაციონალური მოძრაობის დამარცხებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო რეჟიმი, სამარცხვინო ბიძინა ივანიშვილით სათავეში, არ პარპაშებდეს საქართველოში და არ აკავებდეს იმ ადამიანებს, რომელთა სახელთან არის დაკავშირებული წლების მანძილზე ამ ქვეყნის შენება”, – განაცხადა წიკლაურმა. მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი აუცილებლად მიიღებდა მონაწილეობას პრაიმერში და ეს დაკავება პოლიტიკური ოპონენტის ჩამოცილებაა:
“ეს არის მდარე, პრიმიტიული ხერხები, რომლითაც ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგობის შესუსტებას. ყველა კარგად ხედავს, რომ ის წინასაარჩევნო დაპირებები, რომელიც ქართულ ოცნებას ჰქონდა, არ სრულდება და ახლა ცდილობენ ამ პრობლემების გადაფარვას იმით, რომ პირდაპირ იჭერენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. ასე იქცევიან დიქტატორული რეჟიმები, მაგრამ, როგორც წესი, დიქტატორული რეჟიმები ამთავრებენ მარცხით, ამთავრებენ ფიასკოთი და, სამწუხაროდ, ამ დროს ქვეყანაც ამთავრებს ფიასკოთი”, – განაცხადა წიკლაურმა.