ახალი ამბები

“სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ფარული ჩანაწერების ასლები არ შეინახება”

20 მაისი, 2013 • 982
“სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ფარული ჩანაწერების ასლები არ შეინახება”

“ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში მიყურადებისა და ჩანაწერის, კავშირგაბმულობის არხიდან და კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის, ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერის, კინო და ფოტოგადაღების საკანონმდებლო მოწესრიგებისა და კანონიერების დაცვის პრობლემების” შესახებ შეხვედრის შემდეგ საიას იურისტმა, ეკა ფოფხაძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, კომენტარი გააკეთა. 

 

“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ზოგადად. მნიშვნელოვანი იყო, რომ პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ამ საკითხებს იხილავენ. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გაჟღერდა, რომ ერთი კვირის ფარგლებში მოხდება ფარულ ჩანაწერებზე მუშაობა და განდგურდება ყველა ის ფარული ჩანაწერი, რომელსაც საქმეზე მტკიცებულების ხასიათი არ აქვს და რომელიც, პირის მაკომპრომატირებელ ინფორმაციას შეიცავს. ეს არის კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნა და ამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა რისკი იყოს გათვლილი. სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რომ ამ ჩანაწერების ასლები არ იქნება და მათი განადგურების შემდეგ ჩვენს ინტერნეტსივრცეში ან მედიასაშუალებაში არ ვნახავთ გარკვეულ ფარულ ჩანაწერს.”


საიას იურისტის აზრით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა ამ მხრივ საკანონმდებლო კუთხით მუშაობის საკითხია.


ფოფხაძის თქმით, კერძოდ, დასახვეწია ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.


“ვინაიდან ძალიან მნიშნველოვანია, რომ ის ნორმები, რომელიც არეგულირებს ფარული მიყურადების განხორციელებას- ფარულ მიყურადებაში ვგულისხმობ ფარულ ჩანაწერებს, სატელეფონო და ვიდეოჩანაწერებსაც- დღევანდელი არსებული კანონმდებლობა არ აკმაყოფილებს ამ მხრივ იმ ევროპულ სტანდარტს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა. ახლებურად უნდა დარეგულირდეს თუნდაც საპროკურორო, სასამართლო ზედამხედველობა ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის ზედამხედველობაზე. უნდა შევიწროვდეს იმ დანაშაულთა წრე, რომელთა გამოსავლენადაც შეიძლება განხორციელდეს ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიების სახით ფარული მიყურადება. აუცილებელია ფარული მიყურადება გახდეს როგორც უკიდურესი ღონისძიება და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებოდეს, როდესაც სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამ არ გამოიღო ეფექტი კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში,”- ამბობს ფოფხაძე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი