ახალი ამბები

სააკაშვილი: რუსეთი მსოფლიოში დაშინების, დარწმუნების და მოსყიდვის პოლიტიკას აწარმოებს

20 მაისი, 2013 •
სააკაშვილი: რუსეთი მსოფლიოში დაშინების, დარწმუნების და მოსყიდვის პოლიტიკას აწარმოებს

“შეიძლება ადამიანმა დასვას კითხვა, რას დავდევთ ყველა ამ ქვეყანას, რომლის სახელიც შეიძლება ქართველების უმეტესობას არც კი გაგვიგია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველა ამ ქვეყანას აქვს თითო ხმა გაეროში. რუსეთმა რომ დააკანონოს თავისი ოკუპაცია ჩვენი ტერიტორიების, მას სჭირდება რაც შეიძლება მეტი ხმები გაეროს წევრების, რათა ჩვენი ტერიტორიების მიტაცება გახადოს თავისი თვალსაზრისით შეუქცევადი. ამიტომ ის  წარმოუდგენელ დიპლომატიურ მცდელობებს აწარმოებს მთელ მსოფლიოში დაშინების, დარწმუნების და მოსყიდვის.


ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი წარმატებები წინა წლებში ამის შეჩერების, პრაქტიკულად ეს პროცესი ბოლომდე დავბლოკეთ. ჩვენ ყველა კონტინენტზე ვიმუშავეთ, მაგალითად, ფიჯიში იყო ვიღაც, რუსეთის რეზიდენტი, უამრავი ფულით, რამდენიმე ათეული მიილიონი დახარჯა ვანუატუში, ტუალუში, ნაურუში, ქვეყნებთან დადიოდა. ფიჯის მთავრობამ ეს ადამიანი თავისი ქვეყნიდან გააძევა და ის ამ რეგიონში საერთოდ ვეღარ ბრუნდება. ესაა ნათელი მაგალითი, რას ნიშნავს მიზანმიმართული დიპლომატიური ძალისხმევა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.


სააკაშვილის თქმით, ახლანდელი მთავრობის განცხადებები არაღიარების პოლიტიკისთვის საშიშროებას ქმნის:

“ძალიან საშიშია იმაზე ლაპარაკი, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგები იყო სიცრუე, ეს საშიშია ჩვენი არაღიარების პოლიტიკისთვის. როცა გამოდიხარ და ამბობ, რომ შენ ხარ პირველი რეფორმატორი აღიარებული მსოფლიო ბანკის მიერ, მსოფლიოში მოწინავე რეფორმების თვალსაზრისით, ძალიან ძნელია, ყველაზე თავზეხელაღებული მთავრობისთვისაც კი, ხმა მისცეს მსოფლიოს პირველ პოზიციაზე მყოფი ქვეყნის დაქუცმაცებას, მაგრამ თუ შენ თვითონ დაიყრი თავზე ნაცარს და იტყვი, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა, რა თქმა უნდა, ეს საფრთხე გაიზრდება.


ბილ კლინტონმა მითხრა ვაშინგტონში, ჩავდივარ ყველაზე უფრო შორეულ ქვეყნებში, აფრიკაში, ჰაიტიში და მეუბნებიან, ქართულ რეფორმებზე მოგვიყევიო. ამის წყალში გადაგდება არავითარ შემთვხევაში არ შეიძლება”


პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას საფრთხეს უქმნის ომის დაწყებასთან დაკავშირებით საკითხის გამოძიებაც:


“თუ ჩვენ საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას და დავიწყებთ გამოძიებას, ეს ძალიან აძლიერებს პუტინის და ლავროვის პოზიციას აღიარების მოპოვების კუთხით. თუ ჩვენ თვითონვე გამოვაცხადებთ აფხაზეთის ე.წ. მთავრობას და ცხინვალის ე.წ. ფსევდომთავრობას მხარეებად, მაშინ გავაძლიერებთ პუტინის და ლავროვის პოზიციებს. ამიტომ მე, რამდენიც არ უნდა ვიარო მსოფლიოში, და მინდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროც აქ იყოს დღეს ჩემთან, თუ შიგნით არ გვექნება ფუნდამენტურად სწორი პოზიციები, ჩვენ ამ ბრძოლაში დავიხევთ უკან და პირიქით , ჩვენ წავიწევთ წინ, თუ მივყვებით იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდით”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი