ახალი ამბები

ჩუგოშვილი: უნდა იყოს ნდობა, რომ მასალები რეალურად განადგურდება

20 მაისი, 2013 •
ჩუგოშვილი: უნდა იყოს ნდობა, რომ მასალები რეალურად განადგურდება

აღნიშნულ საკითხზე იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ გასვლითი სხდომა დღეს იმართება.

ჩუგოშვილის თქმით, არის ინსტიტუციურად ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან პარლამენტი საპარლამენტო კონტროლის ძალაუფლებას ძალიან სერიოზულად გამოავლენს:

“აღმასრულებელი ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილი კომიტეტების სხდომაზე და ერთად მოხდება გზების მოძებნა. პრობლემა ორ ნაწილად იყოფა. ერთი არის იმ კრიზისული ვითარების მართვა, რომელიც ჩვენ ახლა გვაქვს, არსებული მასალების განადგურება როგორ უნდა მოხდეს ისე, რომ ნდობა არსებობდეს, რომ ეს მასალები რეალურად განადგურდა და მეორე, პრევენცია სამომავლოდ, რაც გულისხმობს კანონმდებლობის სერიოზულ გამოსწორებას, რათა სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ ისეთი მასიური სახით ადამიანის უფლებების დარღვევა, როგორც ამას ადგილი ჰქონდა წლების განმავლობაში”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა შავგულიძის განცხადებით, აღნიშნული საკითხი ფართო განხილვას საჭიროებს და დღევანდელი შეხვედრაც ამის მანიშნებელია;

“ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების ხელშეუხებლობა ალბათ საჭიროებს დამატებით საკანონმდებლო გარანტიებს. სწორედ ამიტომ ხდება საჯარო სახით სხდომის ჩატარება. საბოლოოდ რა რეკომენდაციების სახით იქნება გათვალისწინებული, ამას ვერ გეტყვით. მოდით, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, მაგრამ ის, რომ ამ სახით ტარდება სხდომა, მიუთითებს, რომ საკითხი საჭიროებს ფართო განხილვას”, – განაცხადა შავგულიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი