სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით მიმდინარე ყრილობას სტუმრის სტატუსით ესწრება. ყრილობას ესწრება ასევე “დემოკრატული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

სამართლიანობის აღდგენისა და წინა ხელისუფლების გასამართლების მოთხოვნით სპორტის სასახლეში მოძრაობა დაფუძნდება. დღევანდელ ყრილობაზე შეკრებილები ამავე მოთხოვნით სპეციალურ რეზოლუციას მიიღებენ.
ყრილობის მონაწილეები მიმართავენ ხელისუფლებას და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ “ქართველი ხალხი სამართლიან გადაწყვეტილებას ელის და არც ერთი ცივილური სახელმწიფო ხელს არ დააფარებს რეჟიმს, რომელმაც საკუთარი არსით თანამედროვე ფაშიზმის კვალიფიკაცია შეიძინა”.
ყრილობის მონაწილეები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ მოთხოვნით, რომ შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს და შესაბამის პოლიტიკურ, სამართლებრივ და მორალურ შეფასებას მისცემს მას. საერთაშორისო თანამეგობრობას კი მიმართავენ თხოვნით, “ნაციონალური მოძრაობის” შეფასებაში სამართლიანი და ობიექტური პოზიცია დააფიქსირონ.