ახალი ამბები

ივანიშვილი: საუბედუროდ არ მოხერხდა აჟიტირებული უმრავლესობის შეკავება

19 მაისი, 2013 •
ივანიშვილი: საუბედუროდ არ მოხერხდა აჟიტირებული უმრავლესობის შეკავება

“დღეს ჩვენ ქართული პოლიციის დღეს აღვნიშნავთ, ვულოცავ თითოეულ პოლიციელს. პოლიციელებს რთული და საპატიო მისია გაკისრიათ, თქვენ წესრიგის დაცვის უზრუნველყოფას ასრულებთ. თქვენ იცავთ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და ძალიან ხშირად ამას საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოების ფასადაც აკეთებთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და ამის მაგალითად დაასახელა 17 მაისს თავისუფლების მოედანზე განვითარებული მოვლენები:

 

“ამის კარგი მაგალითი გახლდათ გუშინწინ თბილისში, ცენტრალურ მოედანზე განვითარებული მოვლენები. თქვენ ღირსეულად მოახერხეთ და შექმენით გასასვლელი უმცირესობისათვის, იმისთვის, რომ საკუთარი უფლებების დაცვა მოეხერხებინათ, უმრავლესობა და უმცირესობას შორის თქვენ ჩადექით და მაშინ, როდესაც ნახეთ, რომ სიტყვის თავისუფლების ნაცვლად პირველ ადგილზე გადავიდა ადამიანის უსაფრთხოების დაცვა, და მაშინ, როდესაც საუბედუროდ არ მოხერხდა აჟიტირებული უმრავლესობის შეკავება, თქვენ სწორედ რომ სიცოცხლის უსაფრთხოების ფასად თქვენს თავზე აიღეთ სიმძიმე და თქვენ მოახერხეთ, გაარიდეთ უმცირესობა საფრთხეს და მე ვიცი, რომ 20-მდე პოლიციელი დაზიანდა, იქ არის ფეხმოტეხილიც და არის სერიოზული დაზიანებაც. ეს ყველაფერი თქვენ საკკუთარ თავზე აიღეთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისი თქმით, პოლიციის ქმედება 17 მაისს “კარგად კოორდინირებული იყო” შს სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ:

 

“მას კოორდინაციას ღირსეულად უწევდა და ძალიან სწორად ასრულებდა საკუთარ ფუნქციებს თქვენი მინისტრი. წესრიგის დამცველი პირველ რიგში თვითონ უნდა იყოს მოწესრიგებული, რაც მეტი ჩინი აქვს მას, მით მეტად უფრო მოწესრიგებული უნდა იყოს და ამის ვალდებულება გააჩნდეს. ასეთი მინისტრი გყავთ თქვენ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო, რამეთუ ამ მოკლე დროში მან დაამტიცა, რომ მას შეუძლია რთული სტრუქტურის ღირსეულად მართვა და თქვენ გაქვთ ბედნიერება, რომ გყავთ ძალიან კარგი ხელმძღვანელი, ძალიან წესიერი კაცი, ძალიან მოწესრიგებული, ძალიან სიმედო და თქვენ გყავთ ხელმძღვანელი, რომელიც არასდროს არ გიღალატებთ და არასდროს არ მიგატოვებთ. ამავდროულად, სხვათა შორის, ის კიკბოქსისტი გახლავთ, სპორტსმენია და ხელჩართულ ბრძოლაშიც თუ დაჭირდება, იქაც არ დაიხევს უკან და იქაც წამოგეშველებათ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი