გარდა დაჯილდოვებისა, დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პოლიციელის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების შედეგად შექმნილი სიახლეების პრეზენტაციაც გაიმართება.
“წარმოდგენილი იქნება ახალი კანონი პოლიციის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების სტრატეგია, საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი, პოლიციელის ახალი ფორმა, სამხრე ვიდეოკამერა, ჟეტონი, ავტომანქანა და მასზე დასაყენებელი ვიდეორეგისტრატორი. პოლიციელის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო მნიშვნელოვან ტექნიკურ და ინოვაციურ სიახლეებსაც წარადგენს. გაიმართება ახალი ვებ–გვერდის, მობილური აპლიკაციისა და ქვეყნის მასშტაბით დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგისთვის დამონტაჟებული კამერების სამეთვალყურეო პროგრამის პრეზენტაცია”.– აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებას ქვეყნის პრემიერ–მინისტრი, მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები და საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოდიან უცხოეთის ქვეყნების ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები: ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი – რიჰარდ კოზლოვსკისი, ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრი – იგორ შუნევიჩი, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე – ხუნან პოღოსიანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსი – ჯავანშირ გაჰრამან ოღლი მამედოვი, რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – დორუ დუმიტრესკუ კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელი – ნასერ ჯაბორ ალ ნუაიმი.
პოლიციელის დღეს საქართველოში 6 მაისს აღნიშნავენ, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ რადგან 6 მაისი აღდგომას დაემთხვა, პოლიციელის დღის აღნიშვნამ 19 მაისამდე გადაიწია.