ახალი ამბები

მედიკამენტი HIV ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში

8 სექტემბერი, 2017 • 4100
მედიკამენტი HIV ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში

აივ ვირუსის პრევენციისთვის საქართველოში PrEP-ის გამოყენება იგეგმება. საპილოტე პროექტი, რომელიც თბილისში განხორციელდება და 100 ადამიანი იქნება ჩართული, “თანასწორობის მოძრაობის” და შიდსის ცენტრის ერთობლივი პროექტია.

PrEP, ეს არის მედიკამენტი, რომელსაც ის ადამიანები იღებენ, ვისაც აივ ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკი აქვთ. ყოვედღიურად PrEP-ის მიღება დაინფიცირების შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს. PrEP ორი პრეპარატის (ათოფოვირისა და იმტრიციტაბინი) კომბინაციაა, რომელიც “ტრუვადას” სახელით იყიდება. ის აღიარებულია აშშ-ის მიერ და ეხმარება აივ ვირუსის არმქონე ადამიანს, თავი დაიცვას სექსის დროს დაინფიცირებისგან, როცა მისი პარტნიორი აივ ინფიცირებულია. კვლევებმა აჩვენეს, რომ მედიკამენტი ეფექტურია პრევენციისთვის, თუმცა მისი ეფექტურობა მკვეთრად მცირდება, თუ მედიკამენტს ყოველდღიურად არ იღებთ.

აუცილებელია, რომ მედიკამენტი ყოველდღიურად, დღეში ერთხელ მიიღოთ. “გარდიანმა” ერთ-ერთი მომხმარებლის, მათ კეინის მოსაზრებაც გამოაქვეყნა ამ მეთოდთან დაკავშირებით. მედიკამენტი საკმაოდ ძვირია. კეინი წერს, რომ  ბრიტანეთში PrEP ხელმისაწვდომია მხოლოდ შოტლანდიაში, მაგრამ არ არის ხელმისაწვდომი ინგლისსა და უელსში. “ტრუვადას” ერთი თვის მარაგის ფასი 400 ფუნტი სტერლინგია, თუმცა, როგორც კეინი წერს, არსებობს მედიკამენტის ჯენერიკი, რომელსაც ბანგკოკის კლინიკიდან ყიდულობს და 40 ფუნტი სტერლინგი ღირს.

“თანასწორობის მოძრაობიდან” პროექტის კოორდინატორი დავით კახაბერი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში ბრენდირებულ პრეპარატს “ტრუვადას” შემოიტანენ და არა ჯენერიკს. ასევე არსებობს კრიტერიუმები, რომლებიც ადამიანმა უნდა დააკმაყოფილოს, რათა პროექტში ჩაერთოს:

“ეს ასი ადამიანი უნდა იყოს მსმ  და ტრანსგენდერი თემის წარმომადგენელი პირები, რომლებმაც უნდა დააკმაყოფილონ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული პროტოკოლის კრიტერიუმები, მაგალითად, 3 თვის მანძილზე უნდა ჰყავდეთ 5-ზე მეტი პარტნიორი”,- ამბობს დავით კახაბერი.

საქართველოში აღნიშნული პრეპარატი დიდი ხანია შემოდის, უბრალოდ, როგორც დავით კახაბერი გვიხსნის, ეს მედიკამენტი აივ ინფექციის მკურნალობისთვისაც გამოიყენება სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. სიახლე ისაა, რომ მას პირველად გამოიყენებენ აივ ინფექციის პრევენციისთვის, ანუ იმ ადამიანებისთვის, ვინც აივ ვირუსით ინფიცირებული არაა.

“PrEP სოციალურ განზომილებას სძენს ამ სამედიცინო ამბებს. გაცნობის საიტებზე უკვე არის ცალკე სტატუსი იმ ხალხისთვის, ვინც PrEP-ს იღებს”,- ამბობს დავით კახაბერი.

ყოველდღიურად PrEP-ის მიღება 90%-ით ამცირებს აივი ვირუსით დაინფიცირების შანსს სექსუალური კავშირის შემდეგ. თუ PrEP-თან ერთად კონდომსაც გამოიყენებთ, ეს რისკი კიდევ უფრო შემცირდება.

პროექტი უკვე დაწყებულია, პირველი ნაკადი პროგრამაში ოქტომბრიდან ჩაერთვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი