ახალი ამბები

სოციალურ მუშაკებზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

6 სექტემბერი, 2017 •
სოციალურ მუშაკებზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოციალურ მუშაკებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

გამოძიების დაწყების თაობაზე შსს-ში დღეს მას შემდეგ განაცხადეს, რაც დაზარალებულმა სოციალურმა მუშაკებმა მედიას ინფორმაცია მიაწოდეს და განაცხადეს, რომ პატრულის თანამშრომლებმა არასათანადოდ იმუშავეს გამოძახების ადგილზე და ამის გამო აპირებდნენ გენისპექციისთვის მიმართვას.

სოციალურ მუშაკებს სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადების სერვის-ცენტრში დედა და 13 წლის შვილი მას შემდეგ დაესხნენ თავს, რაც სოციალურმა მუშაკებმა ამ ოჯახიდან განაცალკევეს ორი მცირეწლოვანი ბავშვი სასამართლოს მიერ დამტკიცებული დამცავი ორდერის საფუძველზე.

ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ, სოციალური მუშაკების განცხადებით, სათანადო რეაგირება არ მოახდინა და ცდილობდა, რომ ფიზიკურ ძალადობა არ ჩაეწერა ოქმში. დღეს “ნეტგაზეთს” შსს-ს პრესსამსახურში უთხრეს, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და უცნობი იყო, დაიწყებოდა თუ არა გამოძიება.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ ეს მასალა – თბილისში სოციალურ მუშაკებს სააგენტოს ოფისში დაესხნენ თავს

მასალების გადაბეჭდვის წესი