ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მიხეილ ჯანელიძე ბაქოში აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს ხვდება

6 სექტემბერი, 2017 • 1764
მიხეილ ჯანელიძე ბაქოში აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს ხვდება

ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები იმართება.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, 2017 წლის 6 სექტემბერს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვიზიტის ფარგლებში გამართავს ორმხრივ შეხვედრებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელმარ მამედიაროვთან, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

APA.az-ის ინფორმაციით, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები  მე-6 შეხვედრის ფარგლებში გაიმართება.

ოფიციალური ცნობით, სამმხრივი შეხვედრის დროს წინა შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებებს და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. შეხვედრის ბოლოს მხარეები ხელს მოაწერენ “სამმხრივი თანამშრომლობის 2017-2019 წლების გეგმას”.

საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს გუშინ, 5 სექტემბერს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა, ხაზი გაუსვეს ორივე ქვეყნის დაინტერესებას ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების და განმტკიცების მიმართულებით”.

გარდა ამისა, ვიცეპრემიერმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბორჯომისა და აბასთუმნის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აზერბაიჯანის მხრიდან გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რომელიც პირადად მისი მითითებით მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი