ახალი ამბები

არასამთავრობოების ერთობლივი განცხადება ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციასთან დაკავშირებით

16 მაისი, 2013 •
არასამთავრობოების ერთობლივი განცხადება ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციასთან დაკავშირებით

“17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა (აიდაჰო), რომელიც ოფიციალურად აღიარებულია ევროპის პარლამენტისა და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ.   

 

აღნიშნული დღე მსოფლიოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებათა დარღვევის პრაქტიკისა და სტიგმატიზების წინააღმდეგ პროტესტის ფორმას წარმოადგენს. საქართველოში უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი აჩვენებს, რომ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე ლგბტ პირების უფლებათა დარღვევის ფაქტები ხშირია და ამ პრობლემაზე სახელმწიფოს რეაგირება ხშირ შემთხვევაში არ არის სათანადო. საქართველოს კანონმდებლობა და მისი იმპლემენტაციის პრაქტიკა რიგ შემთხვევებში ირიბად დისკრიმინაციულია ლგბტ პირების მიმართ და მათ ართმევს უმნიშვნელოვანესი უფლებებით, მათ შორის, ოჯახური და პირადი ცხოვრების, ჯანმრთელობის დაცვის, შრომითი უფლებების სრულყოფილი რეალიზების შესაძლებლობას. ლგბტ პირების უფლებების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების პროცესები არაეფექტურია. ასევე პრობლემურია სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 3 პრიმა მუხლის სათანადო გამოყენების საკითხი, რომელიც  სქესობრივი ორიენტაციისა და  გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენას დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს. სახელმწიფოს არაეფექტურ პოლიტიკასთან ერთად, ლგბტ თემის იზოლაციასა და სტიგმატიზაციას არსებული სოციალური და კულტურული სტრუქტურები განაპირობებს, რომელიც ამ ჯგუფს ავადმყოფად, უცხოდ, მტრად განიხილავს. ეს მოცემულობა ლგბტ პირებს განსაკუთრებით დაუცველ ჯგუფად აქცევს, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას – განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები ლგბტ ჯგუფის საზოგადოებაში ინტეგრირებისა და მათი სრულფასოვანი განვითარების ხელშეწყობისათვის.

 

აიდაჰოს დღესთან დაკავშირებით ”იდენტობა”, ”ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” და სხვა ორგანიზაციები პარლამენტის ყოფილი შენობის წინ მშვიდობიანი აქციის გამართვას აპირებენ. ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები აპირებენ მდუმარედ გამოხატონ მათი წინააღმდეგობა დისკრიმინაციისა და ლგბტ ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ. აღნიშნული აქციის საპასუხოდ სხვადასხვა ჯგუფებმა ყოფილი პარლამენტის შენობის მახლობლად დაგეგმეს კონტრდემონსტრაციის გამართვა, რომელიც 17 მაისის აქციას ლგბტ თემის პროპაგანდად, უზნეობად განიხილავს და აპროტესტებს მას.

 

კონტრდემონსტრანტების მხრიდან დაანონსებულია მასშტაბური მსვლელობის მოწყობა რუსთაველის გამზირზე. აღსანიშნავია, რომ კონტრდემონსტრაციის უფლება ასევე დაცულია ადამიანის უფლებათა სამართლით, თუმცა, არსებითია მან მშვიდობიანი ხასიათი შეინარჩუნოს და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების ფარგლებში მოთავსდეს. მიუხედავად იმისა, რომ კონტრდემონსტრაციის ორგანიზატორები მიუთითებენ მათი შეკრების მშვიდობიან ხასიათზე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია, რომელშიც კონტრდემონსტრაციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ მისცემენ ლგბტ აქტივისტებს 17 მაისის აქციის ჩატარების შესაძლებლობას. მეტიც, აღნიშნული განცხადებები ხშირად მუქარისა და სიძულვილის ენის შემცველია.

 

შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოს შეკრების მშვიდობიან პირობებში ჩატარება და ამ უფლების შეზღუდვა იმ საფუძვლით, რომ საზოგადოების უმრავლესობა ამგვარი შეკრებების გამართვის წინააღმდეგია და მას ძალადობრივი ქმედება შეიძლება მოყვეს, არ არის გამართლებული. ამ პირობებშიც სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს უსაფრთხოების ადეკვატური ზომები შეკრების თავისუფლების სრულყოფილი რეალიზებისთვის.

 

17 მაისს დაგეგმილი კონტრდემონსტრაციის მასშტაბისა და კონტექსტის გათვალისწინებით საჭიროა, პოლიციამ წინასწარ შეიმუშავოს უსაფრთხოების ეფექტური სტრატეგია და მიიღოს ყველა ზომა ორივე აქციის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით პოლიციამ აქციის მონაწილეები  უნდა დააშორიშოროს ერთმანეთს და არ დაუშვას მათი ფიზიკური შეხების შესაძლებლობა. მათ შორის, უსაფრთხოების ზომების მიღება მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეების შეკრებისა და დაშლის ეპიზოდებში, როცა აგრესიის გამოვლენის რისკები განსაკუთრებით მაღალი შეიძლება გახდეს. ამასთან, პოლიციამ მკაცრად უნდა გააკონტროლოს სავარაუდო პროვოკატორების ქცევა, რომელსაც უშუალოდ აქციის ტერიტორიაზე შეიძლება ჰქონდეს ადგილი.

 

წინა წლის სამწუხარო გამოცდილების მიუხედავად, ვიმედოვნებთ, რომ პოლიცია ეფექტურად შეძლებს შეკრების თავისუფლების დაცვას და მის ვალდებულებებს ლგბტ პირების უფლებების დაცვისა და მათი პატივისცემის სულისკვეთებით განახორციელებს. ამ მოლოდინს, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული პოზიტიური განცხადებები აძლიერებს.

 

ამასთან მოვუწოდებთ აქციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები, შეინარჩუნონ აქციის მშვიდობიანი ხასიათი და ტოლერანტული ქცევა, რაც დემოკრატიული და პლურალური საზოგადოების განვითარების წინაპირობაა.   

 

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები 17 მაისს მიმდინარე აქციებს დილიდან კოორდინირებულად დააკვირდებიან ამ მიზნით შექმნილი სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით და საზოგადოებას მიაწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას აქციების მიმდინარეობისა და სახელმწიფოს მიერ შესრულებული ვალდებულებების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციები მათი რესურსების ფარგლებში გამოიყენებენ შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს უფლებათა დარღვევის მსხვერპლთა დასაცავად.  

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი