ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსეთში დარეგისტრირებული ბანკი ირანისა და სირიის დასაფინანსებლად რუსეთის ბანკს ყიდულობს

4 სექტემბერი, 2017 • 2289
ოსეთში დარეგისტრირებული ბანკი ირანისა და სირიის დასაფინანსებლად რუსეთის ბანკს ყიდულობს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დარეგისტრირებული “განვითარების რესპუბლიკური ბანკი”“რუსეთის საერთაშორისო ბანკის” სტრატეგიული ინვესტორი გახდება და მასთან ახალ სტრატეგიას შეიმუშავებს.

როგორც რუსული მედია წერს, შეთანხმება, პირველ რიგში, ოსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკებისა და რუსეთის კორპორაციულ და კერძო პირებს “ფინანსური მომსახურების მთლიან კომპლექტს” შესთავაზებს, რაც “ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვას შეუწყობს ხელს”.

რუსული მხარის ცნობითვე, შემდგომ ეტაპზე ბანკი გეგმავს სტაბილური და გამჭირვალე საერთაშორისო გადარიცხვების სისტემის შექმნას სირიისა და ირანის ისლამურ სახელმწიფოებთან და ამ ქვეყნებში არც საკუთარი ფილიალების გახსნას გამორიცხავს.

რამდენიმე თვის წინ, ევრაზიანეტის სტატიის შესაბამისად, “სამხრეთ ოსეთი მოულოდნელად ჩამოყალიბდა საბანკო სერვისების ცენტრად, რომელიც ერთმანეთთან ფინანსურად  აკავშირებს რუსეთისა და კრემლის მიერ მხარდაჭერილ დე ფაქტო რესპუბლიკებს აღმოსავლეთ უკრაინაში”.

მაშინ საუბარი იყო “საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკზე” (Международный Расчетный Банк), რომლის მთავარი მიზანიც იყო რუსეთიდან ნაღდი ფულის გატანა დე ფაქტო რესპუბლიკებში, რომლებიც ძირითადად გარე ფინანსურ დახმარებაზე იყვნენ დამოკიდებული.

Osinform.ru-ს ინფორმაციით, დღეს, 4 სექტემბერს “ახალი ამბების ეროვნულ სამსახურის” პრესცენტრში, მოსკოვის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ბანკების პრესკონფერენცია გაიმართება თემაზე: “სამხრეთ ოსეთი ყიდულობს რუსულ ბანკს, რათა სირია და ირანი დააფინანსოს”.

შენიშვნა: მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ “რუსეთის საერთაშორისო ბანკს” ლიცენზია გაუუქმეს, შესაბამისად, ოსური მხარის გეგმა მის შესყიდვასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ჩავარდნილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი