ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის სამხედროები NATO-ს სწავლებისთვის «Agile Spirit 2017» საქართველოში არ ჩამოვიდნენ

4 სექტემბერი, 2017 • 2191
სომხეთის სამხედროები NATO-ს სწავლებისთვის «Agile Spirit 2017» საქართველოში არ ჩამოვიდნენ

NATO-ს სწავლებაში «Agile Spirit 2017» მონაწილეობის მისაღებად სომხეთის დელეგაცია საქართველოში აღარ ჩამოვიდა.

როგორც სომხური გამოცემა news.am წერს, ახსნა-განმარტებისთვის მათ სომხეთის თავდაცვის უწყებას მიმართეს, თუმცა არცრუნ ოვანისიანმა, მინისტრის პრესმდივანმა მათ უპასუხა, რომ “ამ საკითხის შესახებ კომენტარს ვერ გააკეთებს”.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017” 3 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონსა და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო ცენტრში ჩატარდება. „Agile Spirit 2017” საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით გაიმართება.

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სწავლების მიზანია ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა. უწყების ცნობითვე, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების: საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეებს.

2017 წლის ივლისის ბოლოს სომხეთმა მონაწილეობა მიიღო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში – ღირსეული პარტნიორი (Noble Partner), რომელიც საქართველოში ჩატარდა.

2016 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც რუსეთისა და სომხეთის სამხედრო დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს. დოკუმენტში წერია, რომ დაჯგუფების შექმნის მიზანი კავკასიის რეგიონში სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი