პრეზიდენტი საქართველოს ახალ ხელისუფლებას რუსეთის საკითხებზე გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს:
“რამდენიც არ უნდა დავირწმუნოთ თავი, რომ რუსეთმა ჩვენ მიმართ პოლიტიკა შეცვალა იმის გამო, რომ ჩვენ ბევრ დათმობებს ვაკეთებთ, სიმართლე არის ის, რომ ახლა რუსეთი, ისე, როგორც არასდროს, აქტიურად მუშაობს ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ოკეანეთში, რათა მიიღოს ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციის ლეგიტიმაცია… ის, რაც ჩვენი პატარა დიპლომატიით წინა წლებში მართლა ზეადამიანური მუშაობის შედეგად ჩავუშალეთ რუსეთს, იმიტომ, რომ ყველგან დავდიოდით, ვმუშაობდით და ამის ყველანაირი შანსი მოვუსპეთ. ახლა აქედან მე მივდივარ ოკეანეთის და აზიის ქვეყნების სამიტზე (სადაც ასევე მუშაობენ რუსები) სწორედ იმის გამო, რომ გავაგრძელოთ ის, რასაც წინა წლებში ვაკეთებდით და სრული ბლოკირება გავაკეთოთ რუსეთის დიპლომატიური მცდელობებისა: დააკანონოს ოკუპაცია. მაგრამ რა ხდება ამის ფონზე, საქართველოს მთავრობა, ერთი მხრივ, აკეთებს განცხადებას, რომ ომში დამნაშავე საქართველოა, პრაქტიკულად, ხელებს უხსნის რუსეთს სამართლებრივი ლეგიტიმაციისთვის და, მეორე მხრივ, პირდაპირ გამოაცხადა, რომ კოსოვოს და სერბეთის მაგალითი მისაღებია საქართველოსთვის”, – აცხადებს პრეზიდენტი და დასძენს, რომ ეს არის ის, რასაც რუსეთი წლების განმავლობაში ამბობდა.
“კოსოვომ და სერბეთმა მიაღწიეს შეთანხმებას და სერბეთი, პრაქტიკულად, დათანხმდა კოსოვოს სრულ საერთაშორისო აღიარებას მცირე დათმობების სანაცვლოდ. სრულიად გაუგებარი და მიუღებელია, როგორ შეიძლება საქართველოს მთავრობა ამას ეთანხმებოდეს და, მით უმეტეს, იწონებდეს. ახლა, როგორც არასდროს, უნდა ვიყოთ ფრთხილად იმიტომ, რომ ჩვენ ტერიტორიები არ გვაქვს დაკარგული მანამ, სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა ამას არ აღიარებს, პირიქით, აღიარებს, რომ ისინი ოკუპირებულია. ოკუპაციას მოჰყვება დეოკუპაცია და ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ კონტროლს ჩვენს ტერიტორიებზე. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ თვითონ არ ჩავაბარეთ რუსეთს მათი გასაღები. ეს ბოლო დღეების განცხადებები უკიდურესი არაკომპეტენტურობის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს, შეიძლებოდა ჩათვილილიყო, თუ არა ის, რომ ყველა ეს ნაბიჯი გადადგმული იყო ერთი მიმართულებით და ეს არის ის მიმართულება, რომლისკენაც ჩვენ გაშვებას რუსეთის ფედერაცია ცდილობდა. საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, ჩვენ გვჭირდება უკიდურესი სიფხიზლე, რომ შეუქცევადი შედეგები არ მივიღოთ ამ განცხადებებისა და პოლიტიკის შედეგად”, – ამბობს პრეზიდენტი.