თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი საბაგიროს მხარესაა. მათივე ინფორმაციით, ფერდობზე ღია ცეცხლია და ბუჩქები და ბალახი იწვის.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და ცეცხლს ორი მხრიდან აქრობენ. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება.
ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროც:
“შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, დღეს, 13 საათსა და 33 წუთზე შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე, ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, 13 საათსა და 38 წუთზე მივიდნენ. სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და მეხანძრე-მაშველების მობილიზება ხანძრის კერასთან ორი მიმართულებით განხორციელდა. წყლით ოპერატიული მომარაგება მთაწმინდაზე არსებული ჰიდრანტიდან ხდება. ადგილზე იმყოფება 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ხანძრის ეფექტური ლოკალიზაციის მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ერთვება შსს-ს ვერტმფრენი”.