ახალი ამბებისამართალი

დეკანოზი მამალაძე და მისი ადვოკატები დღეს დასკვნითი სიტყვით წარდგებიან სასამართლოში

1 სექტემბერი, 2017 • 3734
დეკანოზი მამალაძე და მისი ადვოკატები დღეს დასკვნითი სიტყვით წარდგებიან სასამართლოში

დღეს, 1 სექტემბერს, ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე და მისი ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვით წარდგებიან. მოსამართლემ წინა სხდომაზე უკვე მოისმინა ბრალდების მხარის საბოლოო სიტყვა.

როგორც დეკანოზის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, დაცვის მხარე დასკვნით სიტყვაში დეტალურად ისაუბრებს იმ უსაფუძვლობაზე, რა უსაფუძვლობითაც გიორგი მამალაძეს ბრალი წარუდგინეს.

“ყველაფერი დეტალურად იქნება ჩვენ მიერ გაანალიზებული, შეფასებული და მოსამართლისთვის მიწოდებული, თუ რამდენად უსაფუძვლოა ბრალდება. თუ არსებობს მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში და დამოუკიდებელია მოსამართლე, გამამართლებელ განაჩენს ველოდებით. წინააღმდეგ შემთხვევვაში, ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფა… კატასტროფა პირდაპირ!” – განუცხადა “ნეტგაზეთს” მიხეილ რამიშვილმა.

13 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.

პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან “ნატრიუმის ციანიდი” ამოიღეს. მამალაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც, პროკურატურის თქმით, ბერლინში მიფრინავდა.

გენერალურმა პროკურორმა 13 თებერვალს  განაცხადა, რომ გამოძიებას ამის შესახებ მოქალაქემ შეატყობინა. მოქალაქის [ირაკლი მამალაძის] თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”. 13 თებერვალს პროკურატურამ ასევე გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია: “როგორც გაირკვა, გ. მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე”.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ მამალაძის სასამართლოს სხდომები დახურულია, ასევე, პროკურატურის მოთხოვნით, გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი მამალაძის ადვოკატებს. ყველა მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი