ახალი ამბები

მარგველაშვილი: ივანიშვილისა და გუნდის რეიტინგი საკუთარ თავზე უნდა გადმოვთარგმნო

15 მაისი, 2013 • 1032
მარგველაშვილი: ივანიშვილისა და გუნდის რეიტინგი საკუთარ თავზე უნდა გადმოვთარგმნო

მარგველაშვილი ამბობს, რომ ყველა ეს მესიჯი იმ საარჩევნო ღირებულებებთან არის თავსებადი, რომლითაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა.


“მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ ოპოზიცია ვიყავით და ახლა ხელისუფლებაში ვართ, უკვე რაღაც პერიოდი გავიდა და ჩვენც გარკვეული ნაბიჯები გადავდგით, ეს იქნება ძირითადი ღირებულებების გრძელვადიანი უზრუნველყოფა. სტაბილურობის უზრუნველყოფა. საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყანაში გრძელვადიანი სტაბილურობა იმისთვის, რომ რეალურად განვავითაროთ ქვეყანა,”- განაცხადა მარგველაშვილმა. 


განათლებისა და მეცნიერების ამჟამინდელი მინისტრის თქმით, ქვეყნის განვითარება ეკონომიკური ზრდით და სოციალური პრობლემების მოგვარებით უნდა დაიწყოს. 

 

“იმისთვის, რომ ამ დინამიკით წავიდეთ, პირველ წელს გვჭირდება შვება, მეორე წელს- მეტი რაღაც, მესამე წელს -კიდევ უფრო მეტი და ა.შ. ამისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს სტაბილური ქვეყანა, სტაბილური სასამართლო, რომელიც უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვისაც გვჭირდება.”

 

რაც შეეხება საკითხს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საზოგადოება მყისიერ ცვლილებებს ელოდა, მარგველაშვილი განმარტავს, რომ საზოგადოება მართლაც ელოდა მყისიერ ცვლილებებს და მისივე თქმით, ეს მოლოდინი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. 

 

“ეს არის ადამიანის ბუნება. თუმცა დაპირება არ ყოფილა, რომ ყველაფერი ერთ თვეში შეიცვლებოდა. ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 4 წლით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მოვალ და იმ წუთასვე გავაკეთებ.”

 

პრეზიდენტობის კანდიდატმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მისი გეოგრაფიულ ადგილმდებარეობითაა განსაზღვრული და მისი თქმით, ეს არის ევროპული არეალი.

 

აქვე მარგველაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებსაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთოებების დალაგება “ურთულესი პროცესია.”

 

” დასაწყისისთვის ვცდილობთ შევქმნათ შესაძლებელობა რაციონალრი დიალოგისთვის.”

 

მისი თქმით, ამ საკითხში რიტორიკაა მნიშვნელოვანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ბევრ ბარიერს ქმნიდა.

 

“ტემპერატურის ისტერიიდან დაწევით და რაციონალური დიალოგის წარმოებით ველოდებით რაღაცას, მაგრამ დრამატულ ცვლილებას არა. ჩვენ უკვე გვაქვს ეკონომიკური თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯები. ეს სწორედ მშვიდი და რაციონალური დიალოგის შედეგია, როდესაც არ ხდება შეურაცხყოფა.”

 

რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომისა და დამნაშავე მხარეთა შესახებ კითხვასაც უპასუხა. 

 

მარგველაშვილს მიაჩნია, რომ “როდესაც შენ წინაშე დგას ბირთვული სახელმწიფო, და ფიქრობ, რომ შეტევის კონტექსტში სამხედრო კომპონენტით დაჯაბნი, ეს შეცდომაა. ბევრად უფრო მეტი ძალა უნდა გქონდეს მაშინ. სამხედრო მოქმედებების გამძაფრება ქარული მხარის მიერ მოხდა, ოღონდ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა ეს ყველაფერი და ნათელია, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. მაგრამ ეს არ არის იმაზე პასუხი, თუ ვინ იყო დამნაშავე.”


პრეზიდენტობის კანდიდატმა მის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის, რეიტინგზეც ისაუბრა და თქვა, რომ უნდა მოახერხოს და ბიძინა ივანიშვილისა და გუნდის რეიტინგი საკუთარ თავზე გადმოთარგმნოს.

 

“ის მხარდაჭერა, რაც ბიძინას და კოალიციის მიმართ არსებობს, შევძლებ, რომ ჩემს თავზე გადმოვიტანო, რომ ხალხმა მხარი მე დამიჭიროს. რაც შეეხება პიროვნულ რეიტინგს, ეს არის როგორც ჭიქა და წყალი. წყალი არის რეიტინგი. წყალს ჩაასხამ ჭიქაში, არის ჭიქა, რომელიც მეტს დაიტევს, და არის, რომელიც – უფრო ცოტას. ფორმასაც მნიშვნელობა აქვს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი